არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის განცხადებით, ლარის გაუფასურების შემდეგ ბანკებში დოლარში სესხის მოთხოვნა შემცირდა, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით პრობლემებს ქმნის. როგორც კეპულაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამის მიზეზი ის არის, რომ მოქალაქეები დოლარში დამატებითი სასესხო ვალდებულებების აღებას ერიდებიან. სესხებზე მოთხოვნის შემცირება კი, კეპულაძის შეფასებით, დამატებითი პრობლემაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.
"ბოლო 6 თვეში არის ასეთი ტენდენცია: სესხების გაცემა არის შემცირებული, განსაკუთრებით - უცხოურ ვალუტაზე. შედარებით მოიმატა მაისში და ივნისში სესხების გაცემამ ლარში, მაგრამ დოლარში იანვრის შემდეგ, სესხების გაცემა კლებაშია. ივლისის მონაცემებით, 1 080 560 სასესხო ხელშეკრულებაა გაფორმებული ლარში, ხოლო დოლარში - 33 698 ხელშეკრულება, როდესაც დოლარში წინა წლის ოქტომბერში იყო 52 747 ხელშეკრულება. ფაქტია, რომ სესხებზე მოთხოვნა შემცირებულია და ეს გამოწვეულია იმით, რომ ხალხს ურჩევნია, აღარ აიღოს უცხოურ ვალუტაში სესხი, რადგან უარესის მოლოდინი აქვს", - აღნიშნა კეპულაძემ.
მისივე თქმით, უცხოურ ვალუტაში სესხებზე მოთხოვნის შემცირება პირველ რიგში დამოკიდებულია ვალუტის გაუფასურებასთან, ეკონომიკის მდგომარეობასა და გაუარესებულ მოლოდინებთან.
"სესხს როდის არ იღებს ადამიანი, როდესაც ეშინია, ხვალ რა იქნება. მე ვერ დავგეგმავ ახალი ავტომობილის შეძენას და ვერ ავიღებ სესხს, თუ მომდევნო 2-3 წელი ზუსტად არ ვიცი, რა იქნება, ყოველთვიური ხარჯი გამეზრდება თუ არა. დადებით მოლოდინს ჩვენ მოქალაქეებს და მომხმარებლებს არაფერი უქმნის. ჩვენს მოქალაქეებს ძირითადად უარყოფითი მოლოდინები აქვთ ეკონომიკური მომავლის. ეს არის უარყოფითი ტენდენცია. ამ უარყოფითი მოლოდინების გაბათილებასა და დადებითი მოლოდინების შექმნაზე უნდა იმუშავონ ერთობლივად მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა. არ შეიძლება ერთმანეთზე თავდასხმები, მითუმეტეს მთავრობის მხრიდან ეროვნულ ბანკზე. ეს უარყოფით მოლოდინს აჩენს ჩვენს ინვესტორებში, ასევე არარეზიდენტ მომხმარებლებში, რომლებიც ჩვენი ბანკებით სარგებლობენ. ისინი უყურებენ ამ მდგომარეობას და ძალიან დიდი უნდობლობა ჩნდება ქვეყნის ეკონომიკის და საბანკო სექტორის მიმართ, გაცილებით ფრთხილად მოეკიდებიან სესხის აღებასაც და დეპოზიტის გახსნასაც. ამიტომ არის საჭირო, რომ ერთიანი პოლიტიკა იყოს და ჩანდეს, ყველაფერი რიგზეა მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში კრიზისია და ა.შ.", - განაცხადა კეპულაძემ.
მისივე თქმით, სესხებზე მოთხოვნის შემცირება ნაკლები ადამიანის დასაქმებასაც გამოიწვევს.
"ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ - რა კარგია, ხალხი ნაკლებ ვალს იღებს, მაგრამ ნაკლები სესხის აღება როგორც იურიდიული პირებისგან, ასევე ფიზიკური პირებისგან ნიშნავს, რომ ნაკლები ფული ტრიალებს ეკონომიკაში, ნაკლები ადამიანი დასაქმდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ არ აქვთ დადებილი მოლოდინი, ცდილობენ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას და ვერ ფიქრობენ განვითარებას. ეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ კავშირშია. ეკონომიკაში ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და ვალუტის გაუფასურება პირდაპირ მიბმულია ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - აღნიშნა "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელმა.
კეპულაძე აღნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაში სესხი 500-600 ათასამდე ადამიანს აქვს.
"ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ყოველთვიურად გაეზარდათ სესხი . ამ ადამიანებს ყოველთვიური შემოსავალი შეუმცირდათ, გასავალი კი გაეზარდათ, ამ დროს კი ხელფასი იგივე დარჩათ. ხელფასის მომატების პერსპექტივა ნაკლებია, რადგან ბიზნესი ხელფასებს ვერ გაზრდის, რადგან ყველა მიმართულებით ვხედავთ გაყიდვების შემცირებას. ფიზიკური პირები ერიდებიან დამატებითი ხარჯების აღებას, თუნდაც რემონტის გაკეთებისთვის, უძრავი ქონების შეძენისთვის, სამომხმარებლო სესხის აღებას და ა.შ. ისინი ცდილობენ, თავი გაიტანონ და ამას ემატება კომუნალური გადასახადების გაზრდა, სხვა გადასახადების გაზრდა, ინფლაციაც მიზნობრივ მაჩვენებელსაც ფაქტობრივად გადაცდა", - აღნიშნა კეპულაძემ.