უნგრეთი-სერბეთის საზღვარზე უსაფრთხოების მიზნით შესაძლოა, სამხედროები გააგზავნონ

უნგრეთი-სერბეთის საზღვარზე უსაფრთხოების მიზნით შესაძლოა, სამხედროები გააგზავნონ

უნგრეთის მთავრობა სერბეთის საზღვარზე პოლიციის დასახმარებლად სამხედროების გაგზავნას გეგმავს. "ბიბისის" ცნობით, სერბეთიდან უნგრეთში ყოველდღიურად ათასობით მიგრანტი გადადის, რის გამოც უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება სასაზღვრო რეგიონში გაუარესებულია.

უნგრეთის არმიამ მომავალში საზღვარზე წესრიგის დაცვის მიზნით მომზადება უკვე დაიწყო. პარალელურად, უნგრეთის პარლამენტში იგეგმება სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების საკითხის განხილვა.

უნგრეთში, რომელიც მიგრანტებისთვის ერთგვარ ტრანზიტულ ქვეყნად იქცა, კვირის ბოლომდე დამატებით კიდევ 40 000 თავშესაფრის მაძიებელს ელოდებიან. ამ ქვეყანაში წელს 150 000 მიგრანტი ჩავიდა.

გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელი უნგრეთის მთავრობას მოუწოდებს გააუმჯობესოს რეგისტრაციისა და მიგრანტების მიღების პროცედურები.