ამირან გიგუაშვილის შეფასებით, კახა მამულაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს

ამირან გიგუაშვილის შეფასებით, კახა მამულაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს

პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარის, ადვოკატ ამირან გიგუაშვილის შეფასებით, კახა მამულაშვილის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლება შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს.

როგორც გიგუაშვილი აცხადებს, ქვეყანაში პრივილეგირებული ბრალდებულები არ უნდა არსებობდნენ.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ ვინმეს თავისუფლების წინააღმდეგი. მით უფრო არ ვართ წინააღმდეგები, რომ ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებისათვის ბრალდებული პირები განაჩენს შინ დაელოდნონ და არა ციხეში, ან საერთოდ ამ ტიპის დანაშაულისათვის ძირითად სასჯელად მხოლოდ ჯარიმა იქნას გამოყენებული, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ლაპარაკია ზოგად სტანდარტზე, რომელიც სახელმწიფოს მიერ თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს ყველა მოქალაქეზე და ქვეყანაში არ უნდა არსებობდნენ პრივილეგირებული ბრალდებულები", - განაცხადა გიგუაშვილმა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც იდენტური დანაშაულისათვის უამრავი ადამიანი დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სხვადასხვა ბრალდებულების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება მიუღებელია. გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ დანაშაულს თან ახლავს ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტი სახელმწიფო საზღვარზე, ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება რეალური სასჯელის და ჯარიმის სანაცვლოდ. რეალური სასჯელი კი მინიმუმ ექვსი თვით პატიმრობას ითვალისწინებს.
"ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, როდესაც საკითხი ეხება საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებას, სახელმწიფოს მიდგომა არის უფრო მკაცრი, ვიდრე ორდინალურ შემთხვევებში და ეს სწორედ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე აიხსნება. რაც უფრო დიდია საზოგადოებრივი ინტერესი საქმის მიმართ, მით უფრო მეტია ალბათობა, ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების განზოგადება და საზოგადოებრივი აზრი ფორმირება მოხდეს. ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს აშკარად შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს, პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს და გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ქმნის. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აუცილებელია მოხდეს ზოგადად ნარკოპოლიტიკის გადახედვა და ერთიანი, ნაკლებად მკაცრი სტანდარტის დამკვიდრება. საზოგადოებისთვის მიუღებელია არა კონკრეტულად ვინმეს თავისუფლება, არამედ ერთი და იგივე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება", - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

კახა მამულაშვილი სამართალდამცავებმა 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. გუშინ კახა მამულაშვილი 15 000 ლარი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, სასამართლო პროცესი ჟურნალისტების გარეშე ჩატარდა.