თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
"თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთში საქართველოს საელჩო მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამოიჩინონ სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +905336903040. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მგზავრობის ან იქ ყოფნის პერიოდში გაითვალისწინონ თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გაფრთხილებები", - ნათქვამია განცხადებაში.
ქურთებსა და თურქეთის არმიას შორის ბოლო რამდენიმე თვეა ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. სამშაბათს თურქეთის სახმელეთო ჯარები ერაყში ქურთების წინააღმდეგ საბრძოლველად შევიდნენ. მანამდე კი თურქეთის არმია "ქურთების მუშათა პარტიის" პოზიციებს ავიაიერიშებით უტევდა. პარალელურად, თურქმა ნაციონალისტებმა ქვეყნის მასშტაბით არაერთი აქცია გამართეს.