"ალქაიდა" კოალიციური ჯარების წინააღმდეგ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერთად ბრძოლას აპირებს

"ალ ქაიდას" ლიდერის აიმან აზ-ზავაქირის განცხადებით, მისი მომხრეები მზად არიან დასავლური კოალიციის წინააღმდეგ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერთად საბრძოლველად სირიასა და ერაყში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ტერორისტულ დაჯგუფებას შორის უთანხმოება არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

უსამა ბენ ლადენის მემკვიდრის, აზ-ზავაქირის აღნიშნული მიმართვა ინტერნეტში გავრცელდა. აზ-ზავაქირი "ისლამურ სახელმწიფოს" უკანონო მოძრაობას უწოდებს, მაგრამ აცხადებს, რომ მისი მომხრეები კოალიციური ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად აღნიშნულ დაჯგუფებას უერთდებიან.

60 წლის აიმან აზ-ზავაქირის დაკავებისთვის ვაშინგტონს 25 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო აქვს დაწესებული.