მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი საქართველოს მთავრობას რუსეთთან მიმართებაში რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს.
როგორც კურტ ვოლკერმა "ინტერპრესნიუსს" ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, რომ შევხედოთ, თუ რას აკეთებს ახლა დასავლეთ ევროპა რუსეთთან მიმართებაში, დავინახავთ - რუსეთთან ყველა გარკვეულ დათმობებზე მიდის, ხოლო ამერიკა სცენაზე ფართოდ საერთოდ არ ჩანს.
კურტ ვოლკერის განცხადებით, რუსეთის მიმართ საქართველოს ძალიან აგრესიული პასუხის შემთხვევაში, საქართველო დიდწილად მაინც მარტო აღმოჩნდებოდა, ეს კი შემდეგ გამოიწვევდა იმას, რომ დასავლეთ ევროპა შემდეგ ყველაფერში, კერძოდ კი პროვოკაციული ქმედებების ავტორობაში საქართველოს დაადანაშაულებდა.
"2008 წელს იგივე მოხდა. რუსეთის მხრიდან სიგიჟე იყო საქართველოში ფეხის შემოდგმა, მაგრამ პროვოკაციული მოქმედებები სააკაშვილს დაბრალდა. რა თქმა უნდა, რუსეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის სიფრთხილეს აქვს აზრი, მაგრამ იმავდროულად არ შეიძლება, საქართველო სხვადასხვა მიმართულებით პასიური იყოს. თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთი ძალიან აქტიურად მოქმედებს და წარმართავს გარკვეულ პროცესებს საქართველოს შიგნით. ვგულისხმობ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ამგვარი განწყობების აქტიურ მხარდაჭერას. საქართველოს მთავრობას ორ რეკომენდაციას მივცემდი - პირველი - რუსეთის ქმედებებს მეტი გამჭირვალეობა შესძინოს, დოკუმენტურად დააფიქსიროს საქართველოში რუსეთის მოქმედებები და ისინი სააშკარაოზე გამოიტანოს. და მეორე - თუ ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან საქართველოში რაიმე ტიპის უკანონო ქმედებებს, აუცილებლად მიიღოს ამის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები. ანუ, აჩვენოს, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტები აქვს. მესამე რეკონდაციაც მექნებოდა - ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მთავრობაში, თუ დედაქალაქის ხელმძღვანელობაში შეგვყავს და საერთოდ პოლიტიკაში მოგვყავს. უნდა ხდებოდეს აქცენტის იმაზე გაკეთება, რომ მთავრობაში, და სხვადასხვა დონეზე ხელმძღვანელობაში თუ პოლიტიკაში, ანაც სხვადასხვა სფეროებში არ იყოს რუსეთის პირდაპირი მონაწილეობა და არ გაიზარდოს მოსკოვის გავლენა", - განაცხადა კურტ ვოლკერმა.