საქართველოში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივისა და მისი სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ქართულ-ჩინური საწარმოს აშენებაზე დალიანში დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი საქართველოს მხრიდან სს „ვაგონმშენებლის“ დირექტორმა ბადრი წილოსანმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხნის პრეზიდენტმა მინ ხინგმა მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიამდე, დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხნის ხელმძღვანელობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მინ ხინგმა ირაკლი ღარიბაშვილს ვაგონმშენებელი ქარხანა დაათვალიერებინა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში დააფუძნონ ერთობლივი კომპანია, რომელიც განახორციელებს არა მხოლოდ ასინქრონულ ძრავიანი ელმავლების წარმოებას, არამედ განახორციელებს დიზელის ძრავიანი თბომავლების, მეტროს მატარებლების, ელექტრომატარებლების, დიზელის ძრავების, დიზელის გენერატორების და აშ. წარმოებას; ასევე ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, დასახელებული პროდუქტების მომსახურებას და შეკეთებით სამუშაოებს.
ერთობლივი კომპანია ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ირანის, თურქეთის, ევროპის ბაზარზე და ა.შ.
Dalian Locomotive & Rolling Stock Co., Ltd. CRRC Group წარმოადგენს ლოკომოტივების ყველაზე დიდ მწარმოებელ კომპანიას ჩინეთში. DLoco–ს წარმოებული პროდუქცია მოიცავს: დიზელის ლოკომოტივს, ელმავალს, საქალაქო რკინიგზისა და მეტროს ვაგონებს დიზელის ძრავს და აშ. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ ბოლო 5 წლის განმავლობაში გადააჭარბა 1.7 მილიარდ დოლარს. კომპანიამ აწარმოა 3000 ერთეული HXD3 AC-AC ტიპის ასინქრონულ ძრავიანი ელმავალი, რაც ჩინეთის ბაზრის 50%-ს შეადგენს. კომპანიას მიღებული აქვს უდიდესი გამოცდილება და წარმოებაში დამკვიდრებული აქვს მოწინავე ტექნოლოგიები.