ქართულ სატელევიზიო სივრცეში მიმდინარე ცვლილებების გარშემო ხმაური არ წყდება. საზოგადოების ნაწილი, მათ შორის ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ გადაცემების დახურვა მთავრობის გადაწყვეტილება იყო. გიორგი გაბუნიას "არჩევანში" ითქვა, რომ ამ გადაწყვეტილებების ერთ-ერთი მონაწილე რეჟისორი გოგა ხაინდრავაა, რომელიც "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ლონდონში პატარკაციშვილების ოჯახს შეხვდა და ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება სწორედ იქ იქნა მიღებული, თუმცა ხაინდრავა ამ ინფორმაციას AMBEBI.GE-სთან საუბრისას უარყოფს.
- გიორგი გაბუნიას გადაცემაში ითქვა, რომ თქვენ შეხვდით პატარკაციშვილების ოჯახს და ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება სწორედ ამ შეხვედრაზე იქნა მიღებული...
- წელიწადზე მეტია პატარკაციშვილების ოჯახი არ მინახავს. როგორც ყველაფერი, დანარჩენი რაც სიძვის სახლიდან, ანუ "რუსთავი 2"-დან მოდის, ესეც ტყუილია. "რუსთავი 2" ყოველთვის პირადი ვნებების დაკმაყოფილებას ემსახურება და ამაში ფულს იღებს. სიცრუის მეტი არაფერი გამოსულა იქედან. მე ინგლისში სამი წელიწადია არ ვყოფილვარ. ინგა გრიგოლიასნაირ პერსონაჟებთან არანაირი კავშირი არ მქონია და არც მაქვს, ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რომელიც დიდი ხანია ტრიალებს. აქ ჭორებზე და მდაბიო გრძნობებზე აწყობილ პრესასთან გვაქვს საქმე. ძალიან კარგია, ყველამ ერთად მოიყარა თავი, ალასანიამ, მარგველაშვილმა, გრიგოლიამ, გაბუნიამ და ატეხეს წიოკი არ არსებულ პრობლემაზე. მათ დაემატა მიშველაძე, რომელიც თურმე გაკვირვებულია, როგორ შეიძლება პოლიტიკოსის ცოლს დაუხურონ გადაცემა. ეს იმაზე მეტყველებს, როგორი მდაბიო გემოვნება და განათლება აქვთ. ღმერთმა კარგი ოჯახი ააწყობინოს ამ წყვილს, მაგრამ როცა ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერის ცოლი ხდები, საზოგადოებრივ არხზე პოლიტიკური თოქ-შოუს წაყვანის ამბიცია არ უნდა გქონდეს. ეს ელემენტარული ანაბანაა.
ქალბატონი ინგა გრიგოლია, პოლიტიკურად ანგაჟირებულია თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე. ეს ამ დღეებში ძალიან კარგად გამოჩნდა.ლუსტრაცია და აბანო საქართველოში კარგად მუშაობს. ყველაფერს ვხედავთ ვის უკან რა დგას. ეს შეტევა დასავლეთიდან ხორციელდეა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მთელი ცხოვრება კუკლები და მარიონეტები ჰყავდათ სათავეში, თითს დააჭერდნენ და რასაც ეტყოდნენ იმას დაიძახებდნენ. პირველად გამოჩნდა საქართველოს სათავეში ადამიანი, რომელიც არავის დაკრულზე არ დადის და ეს აგიჟებთ დასავლეთში და ვინც ჰყავთ ფეხქვეშ გაგდებული იმათ აყვირებენ. ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალი ყოფილა. ბიძინას არც გრიგოლია ახსოვს და არც მიშველაძე. სხვადასხვა განზომილებაში არიან. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის, თითს გვიქნევს, შეურაცხყოფას გვაყენებს, შტეფან ფულე კულუარულ მმართველობაზე ლაპარაკობს, ეს ერთი გაცვეთილი სიმღერაა, რომელიც პატარა ფასად იყიდება.