ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ „Zhuhai Da Heng Qin Company Limited" შესაძლოა საქართველოში ახალი საგზაო მაგისტრალის პროექტი დაიწყოს, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტზე იმუშავებს მსოფლიო ათეულში მყოფი სამშენებლო კომპანია და ჩინეთის განვითარების ბანკი, რომელიც ჩინეთის ინფრასტრუქტურული მშენებლობების უდიდეს ნაწილს აფინანსებს.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორ კვირაში თბილისს სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს წამომადგენლებთან ერთად, პროექტის დეტალების შესახებ ადგილზე გამართავენ მოლაპარაკებებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნული პროექტისადმი საქართველოს ხელისუფლების დაინტერესება დაადასტურა. მისი განმარტებით, პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის და კომპანიის ხელმძღვანელებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა, მას შემდეგ, რაც პროექტის დეტალები დაზუსტდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მიისწრაფვის, იყოს ჩინეთის მთავარი პარტნიორი რეგიონში. საუბარი, ასევე, შეეხო ანაკლიის პორტის პროექტს. ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, ჩინური მხარის დაინტერესება დააფიქსირა.
შეხვედრას ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო, რომლებიც საგზაო მაგისტრალის პროექტის განხორციელებაში იქნებიან ჩართულები. ესენი არიან: MCC International Incorporation Limited, China Development Bank Inner Mongolia Branch, China Export & Credit Insurance Corporation.
სამშენებლო კომპანია „Zhuhai Da Heng Qin Company Limited" მსოფლიო ათეულში შედის. კომპანიის განხორციელებული პროექტების რიცხვშია პეკინის ოლიმპიური სტადიონი.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პარლამენტის წევრი დავით საგანელიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური დაესწრნენ.