ინგა გრიგოლია - მაქვს ეჭვი, რომ

ინგა გრიგოლია - მაქვს ეჭვი, რომ "იმედმა" შეასრულა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის ავტორიც ბიძინა ივანიშვილია

მაქვს ეჭვი, რომ ტელეკომპანია "იმედმა" შეასრულა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის ავტორიც არის ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში, საკუთარი გადაცემის დახურვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე აზრით, "რეაქციის" დახურვა "არის დიდი გეგმის ნაწილი". "ვწუხვარ, რომ "იმედმა" ასე ადვილად დათმო პოლიტიკური თოქ-შოუები. მე მაქვს მოსაზრება, რომ ეს არის დიდი გეგმის ნაწილი. ყველამ კარგად ვიცით ქობულეთური ზღვისპირა შეხვედრები, რომლებზეც ე.წ. ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს რჩევებს აძლევდა. სხვათა შორის, ამ ჯგუფში შედიან ჩემი უკვე ყოფილი მეგობრებიც და როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ასეთი ტიპის შეხვედრებზე ჩემს გადაცემაზეც იყო საუბარი და სხვა გადაცემებზეც. რა არის ეს, სად ვართ?!", - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

ამასთან, ჟურნალისტის თქმით, პირველი ადამიანი, რომელიც გადაცემა "რეაქციის" დახურვის გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა, საქართველოს პრეზიდენტი იყო.

"პრეზიდენტი იყო პირველი ადამიანი, ვისაც მე ვესაუბრე. როგორც კი ეს გადაწყვეტილება გახდა ჩემთვის ცნობილი, მე მას მივწერე სმს, პრეზიდენტმა პირადად გადმომირეკა, მოისმინა და იყო ძალიან კარგი და ძალიან მკვეთრი თავის განცხადებაში, რომელიც გააკეთა. პრეზიდენტისთვის აღმოჩნდა ცალსახად მიუღებელი გადაცემის დახურვა. მისი პირველი რეაქცია იყო ის, რომ გაუკვირდა", - აღნიშნა ჟურნალისტმა.

გრიგოლიას ინფორმაციით, გადაცემის დახურვის მიუხედავად, სამსახურიდან გათავისუფლებული ჯერ კიდევ არ არის. "მე ჯერ კიდევ არ ვარ გათავისუფლებული. ასე რომ, ველოდები, როდის დაიწერება ბრძანება და წამოვალ. რა თქმა უნდა, მე იქ აღარასოდეს დავბრუნდები", - განმარტა გრიგოლიამ და დასძინა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო "იმედის" ხელმძღვანელობისგან შესაბამისი კომპენსაციის მიღებას არ აპირებს.