ევროპაში შექმნილი მიგრაციული კრიზისის გამო, ევროკომისია თავშესაფრის, მიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდიდან ავსტრიას 5 მილიონ ევროს, ხოლო უნგრეთს 4 მილიონ ევროს გამოუყოფს.
ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ალექსანდრე ვინტერშტეინმა განაცხადა. მისივე თქმით, ავსტრიის შემთხვევაში ფულადი სახსრები მიმართულია დამატებით 1280 თავშესაფრის მაძიებლის დახმარებისკენ. უნგრეთის შემთხვევაში კი, საუბარია გადაუდებელ დახმარებაზე, რომელიც მიმართული იქნება მიგრანტთა მისაღებად არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ და ახალი ცენტრებისა და დროებითი თავშესაფრების მშენებლობისკენ.
2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 350 ათასი მიგრანტი შევიდა, ყოველდღიურად კი მათ რიცხვს ათასობით მიგრანტი ემატება. ევროკომისიის ცნობით, მიგრაციული კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამჟამად ყველაზე მწვავედ დგას.