ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცალსახად მხარს უჭერენ რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ადამიანის უფლებების საკითხებში მაკკეინის ცენტრის დირექტორ დევიდ კრემერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც აბაშიძემ განმარტა, დევიდ კრემერთან საუბარი უმთავრესად სწორედ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს შეეხო.
"ვისაუბრეთ იმ დიალოგზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთთან. განვიხილეთ პრობლემები, სირთულეები. ზოგადად, ურთიერთგაგება არსებობს იმის თაობაზე, რომ დიალოგი რუსეთთან საჭიროა და ამ თვალსაზრისით ახალი არაფერი მომისმენია. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცალსახად მხარს უჭერენ იმ რთული დიალოგის გაგრძელებას რუსეთთან, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ვფიქრობ, მათ კარგად ესმით თუ რა რთულ რეგიონში ვიმყოფებით და რომ დიალოგი აუცილებელი და გარდაუვალიც კი არის", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საჯარისო ნაწილების წვრთნების მიმდინარეობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ დასავლელი პარტნიორების მაქსიმალური ინფორმირება უნდა მოხდეს.
"ჩვენი მიდგომა არის ცალსახა. ეს არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენეტეტის ხელყოფა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საერთაშორისო ბერკეტები, რათა ერს ყველაფერი მივიტანოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან", - აღნიშნა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა.