ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები პარლამენტს 12-კაციანი საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების მოთხოვნით დღეს მიმართავენ.
ჯგუფმა დარეგისტრირების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისათვის 200 000 ხელმოწერის შეგროვება უნდა დაიწყოს.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის შემდეგი მოდელით გატარებას ითხოვს: 150 საპარლამენტო მანდატიდან 75 მანდატი ერთიანი პროპორციული სიით გადანაწილდეს, ხოლო 75 მანდატი სამხარეო პროპორციული სიებით, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით.
ოპოზიციის პროექტის თანახმად, აღნიშნული მოდელი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა ამოქმედდეს. საარჩევნო სისტემის შეცვლის ინიციატივით მმართველი კოალიციაც გამოდის. მათი ვარიანტის გათვალისწინებით 150 საპარლამენტო მანდატი პროპორციული სისტემით მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით ნაწილდება. "ქართული ოცნება" ახალი საარჩევნო სისტემის 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის ამოქმედებას გეგმავს.