ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვისას დაპირისპირება მოხდა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვისას დაპირისპირება მოხდა

თბილსის საქალაქო სასამართლოში,  ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმის განხილვისას დაპირისპირება მოხდა.

სასამართლოზე ერთ-ერთი ექსპერტი იკითხება, რომლის დაკითხვის დროსაც ბრალდებულმა გიორგი ცააძემ მოითხოვა ვიდეო მასალის ჩვენება. მას შემდეგ რაც სასამართლოს დარბაზში ვიდეო მასალის ჩვენება დაიწყო, ზურაბ ვაზაგაშვილთან ერთად მოკლული ალექსანდრე ხუბულოვის სიდედრმა ბრალდებულების მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკა გააკეთა, რასაც დარბაზში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა.

ალექსანდრე ხუბულოვის მეუღლემ კი დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პირს შეაფურთხა, რის შემდეგაც მანდატურებმა ის დარბაზიდან გაიყვანეს.

ასევე სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს ხუბულოვის სიდედრი რუსუდან თურმანიძე, რომელმაც გაძევების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ ალექსანდრე ხუბულოვს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა და ათი წელია განცხადება არ გაუკეთებია, დღეს კი ბრალდებულების გამოსვლების შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა.

"ეს სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ იყო მიძღვნილი. ძალაუფლების დემონსტრირებას შესწირეს ორი ახალგაზრდის სისცოცხლე, მათ შორის ალექსანდრე ხუბულოვის, რომელსაც წლინახევრისა და თვენახევრის შვილები დარჩა", - განაცხადა რუსუდან თურმანიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.