პოლიტიკურმა ელიტამ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს ერთმანეთისა და საზოგადოების მიმართ

პოლიტიკურმა ელიტამ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს ერთმანეთისა და საზოგადოების მიმართ

მე უფრო მეტი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, ვიდრე დანარჩენები – საქართველო ძალიან კარგად ვითარდება, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე შეფასებით საქართველო რეგიონში ლიდერია.

"რაც შეეხება სამ შეკითხვას, აქვს თუ არა მოსახლეობას წვდომა ინფორმაციაზე, აქვთ თუ არა მედიას, ასევე პოლიტიკურ ძალებს საშუალება, გამოწვევების წინაშე დააყენოს მთავრობა, სამივე კითხვაზე მინდა გითხრათ პასუხი - "დიახ". არის გარკვეული შემთხვევები, რომლებიც კითხვის ნიშნებს ბადებს. კი ბატონო, ასეც არის, მაგრამ ძირითად ინგრედიენტებთან დაკავშირებით საქართველომ შესანიშნავად იმუშავა და უზარმაზარ წინსვლას მიაღწია. მათ შორის შესანიშნავად ჩატარდა არჩევნები, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. ასე რომ, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, მან დიდი პროგრესი განიცადა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და არიან იძულებით გადაადგილებული პირები. რა თქმა უნდა, საქართველო უდაოდ ლიდერია რეგიონში, მაგრამ თუ ვისაუბრებთ იმაზე, სად უნდა საქართველოს აღმოჩნდეს ბოლოს, ამ შემთხვევაში მე დავასახელებ სამ გამოწვევას", - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.

ბრიტანეთის ელჩის განმარტებით, სამი მიმართულება, რა გამოწვევის წინაშეც ქვეყანა დგას, არის დემოკრატიის შინაარსი – ანუ ის ღირებულებები, რომელიც დემოკრატიას უდევს საფუძვლად, ანგარიშვალდებულება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

"პირველ მიმართულებასთან დაკავშირებით საუბარი არ არის დემოკრატიის ფორმაზე, საუბარია უფრო შინაარსზე და იმ ღირებულებებზე, რომლებიც დემოკრატიას უდევს საფუძვლად. მაგალითად, ძალიან მაღალი დონით და ხარისხით პერსონალიზებული ხელმძღვანელობა, ბრალდებები, შეკითხვები, თავდასხმები მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებზე: როდესაც ეს თავდასხმები ხორციელდება და ის მიმართულია ყოფილ თუ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრზე, ყოფილ თუ ამჟამინდელ პრეზიდენტზე, ეს ახდენს ხალხის დეგრადაციას, ინსტიტუტების დეგრადაციას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. საქართველოს ჰყავს შესანიშნავი რაგბის გუნდი. რაგბიზე ასე ამბობენ: ეს არის ხულიგნების თამაში, რომელსაც ჯენლტმენები თამაშობენ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პოლიტიკაც კონტაქტური სპორტია.

მეორე სფეროა ანგარიშვალდებულება - გასულ წელს ძალიან ბევრი ცუდი ინციდენტი მოხდა პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ პერსონალიებს შორის: კვერცხები, მათ შორის ახალგამოჩეკილი წიწილებით, ესროლეს ოპოზიციის წარმომადგენლებს და ა.შ., იყო ბევრი მსგავსი მოვლენა. უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან შეიძლება რაღაც ქმედება იყოს ტესტი და გამოცდა და ეს გამოცდა შეიძლება, ჩააგდო ან ჩააბარო.

მესამე თემა ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ძალიან ფართო გაგებით. კი ბატონო, შესაძლოა, საქართველოს საუკეთესო სისტმებები და კანონმდებლობა ჰქონდეს, ასევე ძალიან კარგი საჯარო მოხელეები ჰყავდეს და მიმაჩნია, რომ მართლაც, ძალიან კარგი საჯარო მოხელეების ჯგუფები ჰყავს, მაგრამ ის არ მუშაობს ისე, რომ მოქალაქეებმაც იგრძნონ თავიანთი წილი სამოქალაქო პასუხიმგებლობა. მაგალითად, საქართველოდან წასული ნებსიმიერი უცხოელი ლაპარაკობს მარტო იმაზე, როგორ დაყავთ მანქანები და როგორ ანაგვიანებენ ყველაფერს, ანუ ეს არის პირადი პასუხისმგებლობის ნაკლებობა, არარსებობა, ამ დროს კი საქართველოში არის კანონი დანაგვიანების წინააღმდეგაც და საგზაო წესების დარღვევის წინააღმდეგაც. ერთი სიტყვით, ეს მარტო ელიტის საქმე არ არის, ეს ყველა მოქალაქის მიერაა გასაკეთებელი. ასევე პოლიტიკურმა ელიტამ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს ერთმანეთისა და საზოგადოების მიმართ", - აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.