ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 9-13 სექტემბერს, ქალაქ დალიანსა და პეკინში ირაკლი ღარიბაშვილი არაერთ მაღალი რანგის შეხვედრას გამართავს.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა სესიაზე - "თანამედროვე აბრეშუმის გზა" ("The Modern Silk Road"), სიტყვით მიმართავს ქალაქ პეკინში საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში შეკრებილ პროფესორებს და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ გახსნით ცერემონიას "Champions 2015".

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ჩინელ კოლეგას ლი კეციანს. დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელობასთან, აზიის ინფრასტრუქტურისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ჩინეთის სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანთან, ასევე მონღოლეთის პრემიერ-მინისტრთან, დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან. გაიმართება შეხვედრები ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა: კორპორაცია "მიცუბიში", კორპორაცია "Dongfang Electric Corporation", კომპანია "Sab Labs China", კომპანია "Transcosmos".

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების და მემორანდუმის გაფორმებაც. ესენია: დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელ ქარხანასა და საქართველოს "ვაგონმშენებელს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, დალიანის პორტის თავისუფალ სავაჭრო ზონასა და ქართული ღვინის კორპორაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, შპს.საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციას შორის მემორანდუმი.

გარდა ამისა, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ წამყვან ჩინურ მედიასაშუალებებთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი და შპს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე. დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას 13 სექტემბერს დატოვებს.