თბილისის საერთაშორისო კონფერენციის "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" მონაწილეებმა დასავლეთს უკრაინის კრიზისის გადაწყვეტაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს.
როგორც უკრაინის თემაზე მიმდინარე პანელზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პარლამენტის წევრმა მუსტაფა ნაიენმა აღნიშნა, უკრაინამ თავის დროზე დასავლეთის თხოვნით 2000 ბირთვული რაკეტა გაანადგურა. დღეს კი ისიც არ შეუძლია, დასავლეთს ერთი იარაღი სთხოვოს. ნაიენის თქმით, ამ ვითარებაში ძნელია ხელისუფლებამ დაარწმუნოს ხალხი, რომ დასავლეთს მათი დახმარება უნდა, მაგრამ ამავდროულად უნდა პუტინი არ გააღიზიანოს.
"სანქციები ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩემი რჩევა იქნება ევროკავშირისთვის, რომ შეხედეთ საბერძნეთს, შეიძლება ეს არ არის საუკეთესო მაგალითი, თუმცა ევროკავშირი საბერძნეთს დაეხმარა 200 მილიარდი დოლარით, მაშინ, როდესაც უკრაინას გამოუყო მხოლოდ 25 მილიარდი დოლარი და ეს მაშინ, როდესაც საბერძნეთის ხელისუფლება არის პრორუსული. ჩვენ რა თქმა უნდა, ფული გვჭირდება, მაგრამ არა მხოლოდ ეს, არამედ ჩვენ გვჭირდება დახმარება ომში", - განაცხადა მუსტაფა ნაიენმა.
პანელზე ასევე სიტყვით გამოვიდა "ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია, რომელმაც ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ის, რაც მოხდება უკრაინაში, განსაზღვრავს ევროპის ბედს. მისი თქმით, პუტინი ყოველთვის კარგად გამოთქვამდა თავის ზრახვებს, მას უნდოდა შეებრუნებინა ცივი ომის შედეგები, თუმცა ამას არავინ აღიქვამდა სერიოზულად. ახლა კი აღიქვამენ.
"ის ინფანტილური სტრატეგია შეერთებულ შტატებში, რომ რუსეთის ჩართულობებით, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებში, შეიძლება იგი რაიმეზე დავიყოლიოთ, თუ არა მთლად განადგურებული, შერყეული მაინც არის. რუსეთი აღიარებულია როგორც საფრთხე, დასავლეთი ამ თემაზე ახლა უფრო კონსოლიდირებულია, ვიდრე ადრე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი თქმით, დასავლეთს არ აქვს შეთავაზებული მკაფიო გზამკვლევი როგორც უკრაინისთვის, ასევე ნატოსთვის. ბოკერიას თქმით, მკაფიო განაცხადი წევრობაზე არ იყო გაკეთებული არც ნატოს უელსის სამიტზე და არც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე რიგაში.
ბოკერიამ ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიდგომაზე უკრაინის პრობლემის მიმართ და აღნიშნა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, უკრაინაში არ ყოფილა ვიზიტით არც პრემიერ-მინისტრი და არც საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც ძალიან ცუდი გზავნილია, ისევე, როგორც განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება პრობლემას არ გადაჭრის.
გარდა ამისა, საქართველოს ატლატიკური საბჭოს წარმომადგენელი ბათუ ქუთელია დაინტერესდა, რატომ არ გამოდის უკრაინის პანელზე სიტყვით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი.
კონფერენცია "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" დღეს ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობით გაგრძელდება.