საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მიერ გამოთქმული შეშფოთების გამო, ტელეკომპანია АТВ-მ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე უმნიშვნელოვანესი ქართული სალოცავის - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული კლიპის ჩვენება შეწყვიტა.
როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ტელეკომპანიამ გაავრცელა განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ კლიპი არავის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას არ ისახავდა მიზნად.
"საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოხატული შეშფოთების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ ამ კლიპის გაშვება შეწყვეტილიყო. ეკლესიებში ფილმის გადაღება ჩვენთვის უცხო არ არის. ჰოლივუდშიც კი მაყურებელს სთავაზობენ მსგავს სცენებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სცენები გადაღებული იქნებოდა მეჩეთში, თუ ეკლესიაში. სადაც მიმდინარეობს მუშაობა, იქ შესაძლოა, დაშვებული იქნეს შეცდომებიც. თუმცა, ეს შეცდომა არანარიად არ უკავშირდება საქართველოში რელიგიური სალოცავების შეურაცხყოფას", - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მიმართავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალებებს, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში მომხდარის გამო სათანადო ზომები მიიღოს. "ინტერნეტ სივრცეში ახლახან გავრცელდა ე.წ. კლიპი, თუ მხატვრული ფილმის ნაწილი, რომელიც გადაღებულია ისტორიული ჰერეთის, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე უმნიშვნელოვანესი ქართული სალოცავის - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში.
სცენა დაახლოებით ასეთია: უცნობი კაცი და ქალი, რაღაც განძის ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილნი, ორ კათოლიკე ბერს ჯოხის თავში ჩარტყმით გონებას დააკარგვინებენ, მათ სამოსს ჩაიცვამენ და ტაძარში შევლენ. სამალავში სანუკვარ ნივთს მიაგნებენ. ქალი ნივთთან ერთად გაიქცევა, მამაკაცი კი დარჩება და შემოსულ სხვა სასულიერო პირებს (კათოლიკე ბერების ჩაცმულობით) აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით მოიგერიებს.
ეს ყველაფერი კი ხდება ეკლესიაში და მის ცენტრალურ ადგილში, საკურთხეველში, რაც სრული უგულვებელყოფაა ათასობით და ათიათასობით ადამიანის რელიგიური გრძნობისა.
ამ კადრების გადამღებებმა სათამაშო მოედნად აქციეს ის სივრცე, რომელიც, როგორც მართლმადიდებლებისთვის, ისე მუსლიმებისთვისაც კი უდიდესი თაყვანისცემის ადგილია. აქ ხომ საუკუნეებია კრძალვით, ფეხშიშველნი მოდიან მორწმუნენი, რათა ცრემლით შესთხოვონ წმინდა გიორგის ღვთის წინაშე მეოხება.
საქართველოს საპატრიარქო მიმართავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს ფაქტი და დროულად მიიღონ სათანადო ზომები მომხდარის გამო", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.