პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველო–ლიტვის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩიუსის შეხვედრაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ თანამშრომლობას და აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე არსებული ვიზიტების მაღალ დინამიკას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ლინას ლინკევიჩიუსს იმ პოლიტიკური მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რასაც ლიტვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ახორციელებს.

მხარეებმა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი აღნიშნეს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიტვის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.