საქართველო როგორც ევროპის ნაწილი, არის ნაწილი იმ ტერიტორიის, სადაც ჩვენ გვინდა ვნახოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება , - ამის შესახებ აშშ-ის ევროპის არმიის სარდალმა, ბენ ჰოტჯესმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა დაფუძნებულია ნდობაზე, ერაყსა და ავღანეთში ერთობლივ მსახურობაზე, ასე რომ, ეს უფრო მეტია, ვიდრე პარტნიორობა. სწორედ ეს არის ჩემი აქ ვიზიტის მიზეზი ნაწილობრივ", - აღნიშნა ჰოტჯესმა.
ევროპის არმიის სარდალმა ასევე ისაუბრა მაისში ჩატარებულ ერთობლივ წვრთნებზე და მომავალ წელს დაგეგმილ სწავლებებზე საქართველოში.
"მომავალ წელს დაგეგმილ წვრთნებზე ჩვენს მონაწილეობას გავზრდით, განვიხილავთ უფრო მეტი სამხედროს გამოგზავნის შესაძლებლობას, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ქართველი მეთაურის ბრძანებები შეასრულონ, რაც რა თქმა უნდა, ნდობის დემონსტრირებაა", - აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.