პოლიტიკური პროცესი არის ზუსტად ამომრჩევლის ხელში და სწორედ ის წყვეტს, ვინ იქნება მთავარობაში საბოლოო ჯამში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "თბილისი რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართული დებატებისას განაცხადა.
კონფერენციის მონაწილეები დაინტერესდნენ, რა სამუშაოების გატარებას მიიჩნევს პრეზიდენტი აუცილებლად მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
"ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს. ზოგადად, ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატია დგას ბევრი გამოწვევის წინაშე. თუ არ იმუშავებ მისი წინსვლისთვის, თუ მუდმივად არ იბრძოლებ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის, უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის, მაშინ დემოკრატია დაკნინდება, შესუსტდება და ვერ მიაღწევ საბოლოო მიზანს. ჩვენ პროცესში ვართ - ეს არის პროცესი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ისევ გვაქვს გამოწვევები, თუმცა მიმაჩნია, რომ ისინი დაძლეული იქნება ამ წლის განმავლობაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდამდე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს პირველი პირის აზრით, მოახლოებული არჩევნების წინა პერიოდში აუცილებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, პროვოკაციების თავიდან არიდება, ეკონომიკური სირთულეების დაძლევა, თავად არსბეული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და შენარჩუნება მიღწევის, როცა როგორც პოლიტიკოსმა, ისე ამომჩევლებმა იციან, რომ მათი ხმა გადამწყვეტია.
"ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის და სტაბილურობის, ასევე გარკვეული სოციალური კონსენსუსის შენარჩუნება თამაშის მთავარ წესებზე. ამ კუთხით ჩვენ პოზიტიური დინამიკა უნდა ვაჩვენოთ ევროპას, რომელთან მიერთებაც ჩვენი მიზანია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ არსებული პროვოკაციების წინაშე, მათ შორის, დავუშვათ რუსეთიდან მომდინარე პროვოკაციებთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით. ჩვენ ამას ძალიან დიდი სიფრთხლით უნდა ვადევნოთ თვალი, რათა არ ჩავვარდეთ მახეში და არ წამოვეგოთ პროვოკაციებს.
მეორე – აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს ჩვენი საარჩევნო გარემო. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ ამ მიმართულებით და დავხვეწოთ არსებული კანონმდებლობა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედია იყოს ისევ თავისუფალი და კიდევ უფრო მეტად აქტიურად ჩაერთოს პროცესების გაშუქებაში – ის პოლიტიკური პროცესების ნაწილი უნდა იყოს",-აღნიშნა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, დავძლიოთ ეკონომიკური სირთულეები, რომელიც გლობალური ეკონომიკური პროცესების ნაწილია და, რომელიც ამის გამო ნეგატიურად მოქმედებს საქართველოზე.
"მე ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო, რადგან ძალიან კარგად დავიწყეთ – მოგეხსენებათ, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას. საქართველომ ამ შეთანხმებებს ძალიან კარგი ინერცია აუღო, მაგრამ საერთო პროცესებმა შეარყია ეს სიძლიერე - უფრო უკეთ შეიძლებოდა ამის გამოყენება. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება დარჩეს გაერთიანებული ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ, ფუნდამენტურ და დემოკრატიულ რწმენაში, რომ პოლიტიკური პროცესი არის ზუსტად ამომრჩევლის ხელში, ამომრჩევლის მიერ იმართება და სწორედ თითოეული ამომრჩეველი, ქალი იქნება თუ მამაკაცი, თავად წყვეტს, ვინ არის მთავარობაში საბოლოო ჯამში - 2012 წლის შემდეგ ყველა დარწმუნებულია, რომ მათი ხმა გადამწყვეტია. ეს გააზრებული აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს და ამომრჩევლებსაც, ეს მიღწევაც უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ძალიან ბევრი რამით შეიძლება ამის დაზიანება.
დაბოლოს, ჩვენ კიდევ უფრო უკეთესი, უფრო თავისუფალი და უფრო სამართლიანი არჩევნები უნდა ჩავატაროთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.