საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მომავალი არჩევნები იქნება დადასტურება, რომ საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატია დამკვიდრდა, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განუცხადა.
"ჩემი აზრით, ასე თუ ისე, ვითარების ობიექტური შემფასებელი ვერ აუვლის გვერდს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა პოლიტიკური თავისუფლების თვალსაზრისით. საარჩევნო პროცესს რაც შეეხება, ორი არჩევნები ჩატარდა, რომელიც ერთმანეთზე უკეთესი იყო და ყველა წინა არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფლად იქნა აღიარებული ყველას მიერ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის დონე ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, მაგრამ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ საქმე დასრულებეულია და ევროპული სტანდარტები მიღწეულია.
"ჩვენ გვაქვს ქართულ-ტრადიციულ სტანდარტებთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ევროპულ სტანდარტებამდე მისასვლელად, ამიტომ არც ერთი წუთით მუშაობა არ არის გასაჩერებელი. მე არ გამოვრიცხავ ცალკეული პრობლემების არსებობასაც, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მოქმედ ხელისუფლებას და ყველას საქართველოში მკაფიოდ აქვთ გააზრებული, თუ ჩვენ ოდნავ მაინც გადავუხვიეთ კურსიდან, მაშინ ყველაფერი უკუღმა წავა, უსაფრთხოების, ეკონომიკის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს, მომავალია რჩევნები იქნება იმის დადასტურება, რომ საქართველოს მრავალპარტიული დემოკრატია დამკვიდრდა", - განაცხადა უსუფაშვილმა.