ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა მცდარი გადაწყვეტილებაა.
როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხდა, მიუხედავად ამ პოზიციისა, ის ფიქრობს, რომ უნდა გაგრძელდეს აქტიური მუშაობა.
„დღეს ჩვენ გვაქვს გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები, ეს არის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, რაც გაუფასურებულმა ლარმა მოიტანა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში, სავალუტო შემოდინებები აღდგეს, რამაც საბოლოო ჯამში უნდა გამოიწვიოს ჩვენი მოქალაქეებისთვის შვება, როგორც ეკონომიკური, ასევე, სოციალური თვალსაზრისით“, - განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე განმარტებით, ლარის გაუფასურების პროცესში, ეროვნული ბანკის პოლიტიკის სისწორე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ავტორიტეტული ეკონომისტის მიერ არის აღნიშნული.
„ამიტომ, კითხვა იმასთან დაკავშირებით, სწორი პოლიტიკა გაატარა თუ არა ბანკმა, საერთოდ არ არსებობს“, - აღნიშნა ქადაგიძემ.