"2008 წელს დასმული კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია"

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშრისო კონფერენციას „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“ დაესწრო.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის თემას შეეხო. პრეზიდენტის თქმით ჯერ კიდევ არ არის პასუხი გაცემული იმ კითხვის ნიშნებზე, რომელიც 2008 წელს დაისვა.

"ეს არის ადგილი, სადაც 6 წლის წინ, დაახლოებით იგივე დროს, ყველა ვიყავით თვითმხილველი იმ დიდი კითხვის ნიშნების, რომლებიც ევროპის სტაბილურობის მიმართულებით იყო დასმული. ეს იყო 2008 წლის აგვისტოს თვე, როდესაც ყველამ ვნახეთ, რომ რაღაც განსხვავებული, სხვა ხდებოდა რეგიონში, ქვეყანაში. ეს განსხვავება ზუსტად იყო ის, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის მიწაზე, რუსის ჯარი იყო. ამ კრიზისმა სათავე დაუდო გარდამტეხ მომენტს, იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, უსაფრთხოების სტატუსი, როგორც საქართველოში, ასევე უფრო ფართო კონტექსტში. ეს ალბათ არის ყველა ის ქვეყანა, რომელიც რუსეთის მეზობლად ითვლება. მაშინ ალბათ თითოეულ ჩვნეთაგანს შეეძლო იმის წინასწარ განსაზღვრა, რომ ეს აქ არ დამთავრდებოდა და მსაგავსი მოვლენები განმეორდებოდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იმ პერიოდში ყველამ თავისი საშინაო დავალება შეასრულა და იმუშავა იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა ის მძიმე შედეგები, რაც აგვისტოს ომს მოყვა.

"მაგალითად ის რაც განმეორდა უკრაინაში, 2008 წლის აგვისტოდან 5 წლის შემდეგ, დღეს რისი მოწმეები ვართ? დღეს ვხედავთ ფაქტს, რომ უკრაინის სტაბილურობა და უსაფრთხოება არის ღია საკითხი, თუმცა მთავარი კითხვის ნიშნები, რომელიც 2008 წელს დაისვა და რომელსაც, 2014 წელს ხაზი გაესვა, ჯერ კიდევ არ არის პასუხგაცემული. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე, ვერცერთი ჩვენგანი, ვერც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ქვეყნები და ვერც ევროპელები, ვერ იგრძნობენ თავს სტაბილურად და ვერ იზრუნებენ სრულყოფილად თავისი ქვეყნის განვითარებაზე. მე მჯერა, რომ ის ფორმულა, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას ასახავს, ნამდვილად ვერ განიხილება, თუ არ იქნება გათვალისწინებული საქართველოსა და უკრაინის ფაქტორი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, თუ არ იქნება გათვალისწინებული და პასუხგაცემული შეკითხვა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ, პრივილეგირებული ზონების ინტერესის პოლიტიკას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კონფერენციას „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“, „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ მასპინძლობს. კონფერენციის მიზანია, თავი მოუყაროს საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერებს. კონფერენციის მონაწილეები ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეას განიხილავენ.