მოლდოვის პრემიერი დემონსტრანტებს მათი მოთხოვნების შესწავლის პირობას აძლევს

მოლდოვის პრემიერი დემონსტრანტებს მათი მოთხოვნების შესწავლის პირობას აძლევს

მოლდოვის პრემიერი-მინისტრი, ვალერი სტრელეცი დედაქალაქ კიშინიოვში შეკრებილ დემონსტრანტებს შეხვდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მან ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ მთავრობა მოსახლეობის მოთხოვნებს შეისწავლის.

"მთავრობაში იქმნება სხვადასხვა სამინისტროსა და დეპარტამენტის წარმომადგენლისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დემონსტრანტების მოთხოვნებს შეისწავლის", - განაცხადა პრემიერმა. თუმცა, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კირილ მოცპანი ამბობს, რომ დემონსტრანტებს მთავრობის პირობების არ სჯერა. ის პრემიერს მოქალაქეების ინტერესების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

კიშინიოვში ანტისამთავრობო აქციებს გუშინ 100 000 მოქალაქე დაესწრო. დემონსტრაციები სამოქალაქო პლატფორმის "ღირსება და სიმართლე" ორგანიზებით გაიმართა.

აქტივისტებმა კიშინიოვის ცენტრში კარვებიც გაშალეს. გუშინ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ნიკოლას ტიმოფტის გადადგომას ითხოვენ, რომელიც მათი აზრით, პირადად არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე.

დემონსტრანტები მარტამდე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.