საქართველო ამერიკის და ევროპის მოკავშირეა მიუხედავად იმისა, რომელი პარტია იქნება მთავრობის სათავეში

საქართველო ამერიკის და ევროპის მოკავშირეა მიუხედავად იმისა, რომელი პარტია იქნება მთავრობის სათავეში

საქართველო ამერიკისა და ევროპის ახლო მოკავშირეა იმისდა მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური პარტია იქნება საქართველოს მთავრობაში სათავეში. დემოკრატიის სილამაზე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანი შეიძლება შეიცვალოს, გემი მაინც სწორი მიმართულებით მიემართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე  - "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა სენატორ მაკკეინს და მაკკეინის ინსტიტუტს, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელია, საქართველოს მხარდაჭერისთვის.

"ამერიკა საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა, სენატორი მაკკეინი კი - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი კონგრესში. ჩვენ მრავალჯერ გულახდილად გაგვიზიარებია ჩვენი მოსაზრებები და ვიცი, როგორ ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე. საქართველო, ჭეშმარიტად, ფრონტის წინა ხაზზე მდგომი ქვეყანაა. ჩვენ, მართლაც, ვიმყოფებით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი მრავალი დიდი გამოწვევის წინა ხაზზე. მნიშვნელოვანი რეგიონალური საფრთხეებისა და ეკონომიკური დაბრკოლებების წინაშე მდგომნი, ჩვენ ვმართავთ ქვეყანას იმავე პრაგმატული მიდგომითა და შემართებით, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ უსაფრთხოებისა და გადარჩენის მიზნით, ათასწლეულების განმავლობაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ის მიეკუთვნება ქართველთა იმ ახალ თაობას, რომელიც გაიზარდა საოცარი ცვლილებების ფონზე.

"ლიდერთა ჩვენს თაობას ესმის, რომ ქვეყანას არ შეუძლია წარსულის შეცდომების გამეორება და რომ ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო, უფრო თავისუფალი და აყვავებული მომავალი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ძირითადი კომპონენტი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში განხორციელდა და დემოკრატიის გაძლიერებას გაუსვა ხაზი.

"მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, შევქმენით მართვის სისტემა, რომელიც უფრო ღიაა და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. ჩვენ, აგრეთვე, გავაძლიერეთ დემოკრატია ხელისუფლების შტოებს შორის რეალური ანგარიშვალდებულების დამკვიდრებით და ძალის დეცენტრალიზაციით ადგილობრივი ხელისუფლების სასარგებლოდ. ეს ხელისუფლება ორიენტირებულია საკითხებზე, რომლებიც რიგით ქართველებს ეხება. ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის გარდა, არსებობს სამი ძირითადი მიმართულება, რაზეც ყურადღება გვაქვს გამახვილებული. პირველ რიგში, ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკა, რათა უფრო მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ უფრო მეტი ადამიანისათვის, უკეთესი ანაზღაურებით. ჩვენ ვახდენთ ინვესტირებას მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. ჩვენ ვაშენებთ უკეთეს გზებს, ხიდებს და პორტებს, რათა გადავზიდოთ ჩვენი საქონელი და სრული ინტეგრაცია მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში. ეს მთავრობა საქართველოს უნიკალურ ადგილმდებარეობას იყენებს იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომერციული კერა, რომელიც აკავშირებს ევროპისა და აზიის ბაზრებს. ჩვენ, ასევე, ვზრუნავთ იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი გახდეს უცხოური ინვესტიციებისათვის. მეორეც, ჩვენ უზრუნველვყოფთ სოციალურ კეთილდღეობას ჩვენი ხალხისათვის, განათლებასა და ჯანდაცვაში მეტი ინვესტიციებით. განათლება ჩვენი ბავშვებისთვის ნათელი მომავლის გარანტიაა და ყველა იმსახურებს ჯანსაღ ცხოვრებას. და ბოლოს, ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის წმინდა სუვერენიტეტი. ჩვენ უნდა დავამყაროთ ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც დაეყრდნობა სიძლიერეს და პრაქტიკულ ურთიერთობას ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი, რუსეთთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კონფერენციაში  - "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში", მონაწილეობენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, უცხოელი ექსპერტები.