საქართველოს საპატრიარქო საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს საპატრიარქო საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალებას, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში მომხდარის გამო სათანადო ზომები მიიღოს. ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. "ინტერნეტ სივრცეში ახლახან გავრცელდა ე.წ. კლიპი, თუ მხატვრული ფილმის ნაწილი, რომელიც გადაღებულია ისტორიული ჰერეთის, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე უმნიშვნელოვანესი ქართული სალოცავის - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში. 

სცენა დაახლოებით ასეთია: უცნობი კაცი და ქალი, რაღაც განძის ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილნი, ორ კათოლიკე ბერს ჯოხის თავში ჩარტყმით გონებას დააკარგვინებენ, მათ სამოსს ჩაიცვამენ და ტაძარში შევლენ. სამალავში სანუკვარ ნივთს მიაგნებენ. ქალი ნივთთან ერთად გაიქცევა, მამაკაცი კი დარჩება და შემოსულ სხვა სასულიერო პირებს (კათოლიკე ბერების ჩაცმულობით) აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით მოიგერიებს. 

ეს ყველაფერი კი ხდება ეკლესიაში და მის ცენტრალურ ადგილში, საკურთხეველში, რაც სრული უგულვებელყოფაა ათასობით და ათიათასობით ადამიანის რელიგიური გრძნობისა. 

ამ კადრების გადამღებებმა სათამაშო მოედნად აქციეს ის სივრცე, რომელიც, როგორც მართლმადიდებლებისთვის, ისე მუსლიმებისთვისაც კი უდიდესი თაყვანისცემის ადგილია. აქ ხომ საუკუნეებია კრძალვით, ფეხშიშველნი მოდიან მორწმუნენი, რათა ცრემლით შესთხოვონ წმინდა გიორგის ღვთის წინაშე მეოხება. 

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს ფაქტი და დროულად მიიღონ სათანადო ზომები მომხდარის გამო", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.