კულუარული ინფორმაციები დიდ სატელევიზიო ცვლილებებზე: მასშტაბური გადაადგილებები იწყება

კულუარული ინფორმაციები დიდ სატელევიზიო ცვლილებებზე: მასშტაბური გადაადგილებები იწყება

გადალაგებები მედიაში - ნანა ლეჟავა "იმედზე", ინგა გრიგოლია "TVS"-ზე და მაკა რაზმაძე "იბერიაზე". გარდა ამისა, ამბობენ, რომ ეკა მიშველაძეს, რომელიც ბუკა პეტრიაშვილთან ოჯახის შექმნის გამო, პირველი არხიდან გაუშვეს, თამარ ჩიქოვანი და სალომე ასათიანი ჩაანაცვლებენ.

კულუარული ინფორმაციით, არაერთი ცვლილებაა მოსალოდნელი ტელეკომპანია "იმედში". საუბარი მიდის ინგა გრიგოლიას შემცვლელზე - თოქ-შოუს წამყვანზე. უცნობია, ერქმევა თუ არა კვლავ "რეაქცია" გადაცემას, რომელიც ახალი სეზონიდან გავა. 

ჭორაობენ, რომ თოქ-შოუს წამყვანობაზე განიხილება "ქრონიკის" წამყვანის თეა სიჭინავას, ნინო ჟიჟილაშვილისა და ნანა ლეჟავას კანდიდატურები. ლეჟავა, როგორც ცნობილია, უარყოფს რომ ინგა გრიგოლიას ჩანაცვლებას აპირებს. თუ გრიგოლიას არ ჩაანაცვლებს, იმასაც ამბობენ,რომ შესაძლოა ლეჟავამ სხვა ტიპის გადაცემა დაიწყოს. ასევე ცნობილია, რომ ნანა ლეჟავა "იმედის" შეფის, გიორგი ბახტაძის ახლო მეგობარია და დიდი შანსია, ეს კულუარული ინფორმაცია სიმართლეს წარმოადგენდეს.

"იმედში", "ქრონიკის" ახალ წამყვანად თამთა სანიკიძის დანიშვნაზეც მიმდინარეობდა საუბარი. თუმცა ითქვა ისიც, რომ სანიკიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავზე დაქორწინდა, ამ მოტივით უარს ამბობს ყოფილ სამსახურში დაბრუნებაზე და პირველ არხში დარჩება.

რაც შეეხება ინგა გრიგოლიას, ამბობენ, რომ მან არაერთი შეთავაზება მიიღო, თუმცა TVS-ზე გეგმავს გადასვლას. აქტიურდება ტელეკომპანია "იბერიაც", სადაც თოქ-შოუს მაკა რაზმაძე წაიყვანს და გრიგოლიას გუნდის ნაწილიც სწორედ ამ არხზე დაიწყებს მუშაობას. სად წავა ეკა მიშველაძე, ჯერ უცნობია.