რუსთავში 14 წლის დავით ლურსმანაშვილს ეძებენ. მშობლების განმარტებით, მოზარდი ბოლოს რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპიუტერულ ცენტრ ,,ჯეობიტში" ნახეს, სადაც ის ერთი საათით გაჩერდა, რაც ვიდეოკამერამაც დააფიქსირა.
დავით ლურსმანაშვილის დედის ნათელა ბერაძის თქმით, შვილი ბოლოს მან ,,სტამბულის ბაზრის" ტერიტორიაზე ნახა, სადაც შვილმა კომპიუტერულ ცენტრში სათამაშოდ შესასვლელად 1 ლარი სთხოვა და ერთ საათში დაბრუნებას დაპირდა, თუმცა უკვე მე-8 დღეა ბავშვი არ ჩანს. ოჯახმა დახმარებისათვის პოლიციას მეორე დღესვე მიმართა. ნათელა ბერაძის თქმით, სამი დღის წინ პოლიციას მსგავსი აღწერილობის მოზარდი თბილისში ისანი-სამგორის ტერიტორიაზე ორ მოზარდთან ერთად დაუფიქსირებია. ბერაძის განმარტებით, დათო სახლში ერთი ღამით სხვა დროსაც არ დაბრუნებულა, ის კომპიუტერულ ცენტრში სათამაშოდ რჩებოდა, მაგრამ მშობლების მკაცრი აკრძალვის შემდეგ იქ აღარ დარჩენილა, ასე დიდხანს კი არასდროს გაუჩინარებულა.
ბოლო ინფორმაციით, დათო ლურსმანაშვილი ერთ-ერთ მეგობარს გუშინ თბილისის ზღვაზე უნახავს. დავით ლურსმანაშვილის მშობლები პოლიციას შვილის დროულად მოძებნას სთხოვენ.