შემდგომი სამიტისთვის ჩვენ განუხრელად დავიცავთ იმ ხაზს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბორგე ბრენდემ აღნიშნა, ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში. "საკმაოდ დიდი სულისკვეთება და დიდი მუხტი შევიძინე იმისთვის, რომ კვლავ ჩამოვიდე. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის რეჟიმი უკვე დაწყებულია და ასეც გაგრძელდება მომავალში", - განაცხადა ბრენდემ.
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შთამბეჭდავია ყველაფერი, რასაც საქართველომ დემოკრატიის განვითარების, კანონის უზენაესობის დამკვიდრების კუთხით მიაღწია. "ქვეყანამ შეძლო გადაეწყვიტა საკმაოდ სერიოზული საკითხები, რომელიც არსებობს. ქვეყანა მხარს უჭერს რეფორმების შემდგომ განხორციელებას", - აღნიშნა ბრენდემ.
მისივე თქმით, უკვე ოფიციალურ პოზიციაზე მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიაში ვიზიტს განახორციელებს.
"ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რაშიც საქართველოს დგას მთელ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე. პირველ რიგში, საუბარია უსაფრთხოების გამოწვევებზე. ჩვენ გახლავართ ევროპული ქვეყანა. ვიბრძვით ტერორიზმის წინააღმდეგ. ეს არის ის ფაქტორი, რომელიც იწვევს არასტაბილურობას უსაფრთხოების კუთხით მთელ ევროპაში. ჩვენ ვხედავთ ასევე მიგრაციის პროცესებს, თუ რაოდენ ღრმავდება და იზრდება ამ პროცესების ფორმატი და აქედან გამომდინარე, ჩვენს რეგიონს ახალი გამოწვევები ემუქრება. რასაკვირველია, შეიძლება ამან შეიტანოს გარკვეული კორექცია მთელი ევროპული უსაფრთხოების სივრცეში. იგივე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, დონბასში დესტაბილიზაციის შექმნა და ა.შ.", - აღნიშნა ბრენდემ.
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის ეწვია საოკუპაციო ხაზს. "მე ეს შემთხვევა გამოვიყენე, რათა ძალიან მკაცრად გამეშვა ხაზი იმისთვის, თუ რაოდენ ერთგულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მე მქონდა საშუალება კოპენჰაგენში გუშინ შევხვედროდი ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. სადილზე შევიკრიბეთ და ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ საქართველოს და გვინდა ის დარჩეს ისეთ სუვერენულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ, როგორიც დღეს არის. ეს არის უაღესად მნიშვნელოვანი შეთანხმება. იმედი უნდა იქონიოთ ჩვენი მხარდაჭერისა. შემდგომი სამიტისთვის ჩვენ განუხრელად დავიცავთ იმ ხაზს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი", - განაცხადა ბრენდემ.
მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანი იმყოფებოდა, რომელმაც სასწავლო ცენტრი გახსნა. "ამავროულად, ეს იყო ძალიან ძლიერი სიგნალი მათთვის, ვინც პესიმისტურად არიან განწყობილნი. ჩვენ დავარწმუნეთ პრემიერი-მინისტრის მოადგილე, რომ თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ნორვეგიის იმედი მომავალ წლებში", - განაცხადა ბრენდემ.