ბორგე ბრენდე:  რუსეთის ქმედებებმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეძრა

ბორგე ბრენდე: რუსეთის ქმედებებმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეძრა

რუსეთთან საქართველოს კონსტრუქციული ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დაივიწყოს ის ძირითადი საერთაშორისო წესები და კანონმდებლობა, რომელსაც ცივილიზებული სამყარო ემორჩილება. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორგე ბრენდემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებებმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეძრა. "ასეთი ტიპის ზეგავლენებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი 21-ე საუკუნეში. საქმე მხოლოდ ის არაა, რომ საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტებია, ეს არის მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები და საფრთხეები", - აღნიშნა ბრენდემ.

მისივე განცხადებით, ერთგულნი არიან ქართველი ხალხისა და საქართველოსი. "დარწმუნებული ვარ, 10-15 წელიწადში საქართველო განსაკუთრებულად აყვავებულ ქვეყნად გადაიქცევა და გაუტოლდება მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებს. ეს იქნება მიღწეული იმით, რომ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა მიეცემათ", - განაცხადა მინისტრმა. 

მისივე თქმით, საქართველო ნორვეგიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს პარტნიორობა ღრმავდება. "საქართველოს ვუსურვებთ რეფორმების ჩატარებას, დემოკრატიას, შემდგომ განვითარებას და ჩვენ გვინდა საქართველოს პარტნიორი ვიყოთ ამ მიმართულებით", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.