პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამბასადორიალი ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი იყო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბასადორიალის დასრულებისას, ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ეს არის სასარგებლო ფორმატი, რომელიც უნდა გაგრძელდეს.
"ამბასადორიალი არის ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ და ის წარმატებით გრძელდება. ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი იყო ეს სამი დღე. ჩვენ ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა ელჩებთან. მე მათ ვესაუბრე ჩვენს გეგმებზე. ჩვენი ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ სიტუაციაზე, გამოწვევებზე, საფრთხეებზე, რომელიც არსებობს. ერთობლივად დავსახეთ გეგმები მომავალი წლისთვის, ასე რომ, მიმაჩნია, ეს არის სასარგებლო ფორმატი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. მე შევპირდი ელჩებს, რომ იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება აქტიური ამ მიმართულებით და დაეხმარება ელჩებს, დროულად გადაუჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ აქვთ.
"მე მათ შევთავაზე აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან და შევთანხმდით პირდაპირი კომუნიკაციის გზების შექმნაზე. კომუნიკაცია არის აუცილებელი, რომ ელჩებს დროულად მიეწოდოს ინფორმაცია და სრულად იყვნენ ჩართული იმ პროცესებში, რომელიც არის ქვეყანაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.