მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კარგი თამაში ვითამაშოთ არა ერთჯერადად, არამედ ასეთი თამაშების სერია მოვაწყოთ

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კარგი თამაში ვითამაშოთ არა ერთჯერადად, არამედ ასეთი თამაშების სერია მოვაწყოთ

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კარგი თამაში ვითამაშოთ არა ერთჯერადად, არამედ ასეთი თამაშების სერია მოვაწყოთ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შოტლანდიასთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, თუ ნაკრებს ასეთი მაღალი დონის შედეგები ბევრი ექნება, უკვე გაჩნდება პრეტენზია, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

"მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიელებს მოტივაცია აშკარად ჩვენზე მეტი ჰქონდათ, გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დადებითი შედეგი ვაჩვენეთ, რითაც ფეხბურთელები იგრძნობენ გამარჯვების ძალას. ასეთი შეხვედრები მაქსიმალურად ბევრი უნდა ჩავატაროთ და შემდეგ უკვე შეგვეძლება ბრძოლა მაღალი მიზნებისთვის. არ უნდა ჩავვარდეთ ეიფორიაში, ეს უნდა დავივიწყოთ და უკვე შემდეგი შეხვედრისთვისთვის მოვემზადოთ – შეხვედრისთვის ირლანდიასთან, რომელიც ჩვენთვის გაცილებით უფრო მძიმე იქნება", - განაცხადა ცხადაძემ.

რაც შეეხება ოქრიაშვილის მხრიდან შეცვლის გამო გამოთქმულ უკმაყოფილებას, ცხადაძის თქმით, ფეხბურთელი ემოციას აჰყვა.

"მიხარია, რომ ფეხბურთელს აქვს ამბიცია. თუკი ის ემოციურობამ გადაძალა, მე არ გადამძალა. ამ ფაქტს ძალიან სერიოზულ მნიშვნელობას არ მივანიჭებ", - აღნიშნა ცხადაძემ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 38-ე წუთზე ლევან მჭედლიძის პასით ვალერი ყაზაიშვილმა გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ კახა ცხადაძის გუნდს 6 ქულა მოუგროვდა და შესარჩევ "დე" ჯგუფში კვლავ ბოლოს წინა, მეხუთე ადგილზე იმყოფება. 

საქართველო-შოტლანდიის შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს. თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს, სტადიონი მწვრთნელის გადაწყვეტილების გამო სავარაუდოდ უკმაყოფილოდ დატოვა. მან ხელი არ ჩამოართვა კახა ცხადაძეს და სათადარიგოთა სკამის ნაცვლად პირდაპირ გასახდელში გაემართა და მოედანი დატოვა. 

შემდეგ შეხვედრას კახა ცხადაძის გუნდი სტუმრად ირლანდიასთან 7 სექტემბერს გამართავს.