საგარეო უწყება თურქეთში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგარეო უწყება თურქეთში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარი წყალდიდობის დროს 8 ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას თურქეთის რესპუბლიკის ართვინის რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 8 და დაკარგულად ითვლება არაერთი ადამიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, სტიქიის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს გამოჯანმრთელებას",– ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ძლიერი წვიმა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში გუშინ მოვიდა. ქალაქები ართვინი და ხოფა საქართველოს საზღვართან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს.