“შავი ორშაბათის” შემდეგ ძირითადი ევროპული ბაზრები 5–6%–ით დაეცა. პანიკური განწყობები, რომლებიც ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელების შედეგია, მთელ მსოფლიოს მოედო – ეცემა არა მხოლოდ აქციების კოტირებები, არამედ ნედლეულის ფასი – გუშინდელი ვაჭრობის პერიოდში Brent–ის ტიპის საწვავის ღირებულება 43 დოლარს ჩამოსცდა, WTI–სა კი 40–ს.
დღეს ნავთობის მსოფლიო ფასები ზომიერად იზრდება. თუმცა 2009 წლის მინიმალური მაჩვენებლის მიდამოებში რჩება.
დილით, Brent-ის მარკის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი 1,66 პროცენტით გაიზარდა და ბარელზე 43,23 დოლარი შეადგინა. ხოლო WTI–ს ტიპის ნავთობის იგივე პერიოდის ფიუჩერსები 1,58%–ით, 38,84 დოლარამდე გაძვირდა.
ამასთანავე. ირანი ბაზარზე დაბრუნებისთვის ემზადება. ქვეყნის ნავთობის მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ თეირანი ნავთობის წარმოებას „ნებისმიერ ფასად“ გაზრდის.
ერთი წლის წინ ბარელი Brent–ი 105 დოლარზე მეტი ღირდა.
„შავი ოქროსა“ და სხვა ნედლეულის ფასების ვარდნის სისწრაფეს ექსპერტები ბოლო 16 წლის რეკორდულ მაჩვენებელს უწოდებენ.
ამან განვითარებადი ქვეყნების ვალუტების, მათ შორის რუსული რუბლის დაცემა გამოიწვია. დოლარის ოფიციალურმა კურსმა 70 რუბლს გადააჭარბა. ევროს კურსმა კი მოსკოვის ბირჟაზე 83 რუბლს მიაღწია.
ევრო დოლართან მიმართებაში მყარდება და პირველად წლის დასაწყისიდან, 1,16 პუნქტს მიაღწია.
აზიასა და ევროპაში დაწყებული ესტაფეტა გადაიბარა ამერიკამ, სადაც, ნიუ–იორკის სესიის გახსნისას რეალური სექტორის ინდექსი Dow Jones–ი 1000 პუნქტით, ანუ 4%–ით დაეცა, შემდეგ კი დანაკარგის ნაწილი აინაზღაურა.