„ჩვენს კონსტიტუციას აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა“

„ჩვენს კონსტიტუციას აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან იმით, თუ რა წერია კონსტიტუციაში.

ამის შესახებ უსუფაშვილმა კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტის რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე მიულოცა.

უსუფაშვილის თქმით, ის მოხარულია, რომ კონსტიტუცია თანდათან იმკვიდრებს მნიშვნელოვან ადგილს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, ის ხდება გამაერთიანებელი დოკუმენტი განსხვავებული მსოფლმხედველობის, აღმსარებლობის მოქალქეებისთვის.

„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კონსტიტუციას ბოლო წლებში ახალი მკითხველები გამოუჩნდა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტს თავმჯდომარის, მოქალაქეების სახით. ზოგჯერ კონსტიტუციას სხვადასხვანაირად ვკითხულობთ, მაგრამ ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლო გვყავს, რომელიც სათანადოდ განსჯის ასეთ საკითხებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ეს არის სწორი გზა, ეს არის ის გზა, რომელიც ქვეყანას დემოკრატიულ, კონსტიტუციურ წესრიგამდე მიიყვანს.

„მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფერს ბოლო წლებში განსაკუთრებული სტიმული, ენთუზიაზმი მიეცა. მოხარული ვარ იმითაც, რომ საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან იმით, თუ რა წერია კონსტიტუციაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი განმარტებით, ეს არის იარაღი ხალხის ხელში ტირანიის წინააღმდეგ, რომელიც უსუფაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოში აღარასდროს განმეორდება.

„თუმცა, ჩვენს კონსტიტუციას აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა - საქართველოს კონსტიტუცია არ და ვერ მოქმედებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. ეს პრობლემა ჩვენი საერთო სახლემწიფოებრივი პრობლემაა, ჩვენი კონსტიტუციის პრობლემაა, ჩვენი მოსაგვარებელია და ამ მოგვარებასაც სწორედ კონსიტუციით დადგენილი სტანდარტების განუხრელი შესრულება სჭირდება, დღევანდელი კონსტიტუციით განსაზღვრული ტიპის სახელმწიფოს შექმნა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ქართული, ევროპული, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუციის მიღების 20 წლისთავი აღინიშნა.