BBC: საქართველო რუს ტურისტებში სულ უფრო პოპულარული ხდება

BBC: საქართველო რუს ტურისტებში სულ უფრო პოპულარული ხდება

საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების შესახებ BBC-მ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

სტატიაში ნათქვამია, რომ მაშინ, როდესაც რუსეთიდან საზღვარგარეთ დასასვენებლად წამსვლელთა რაოდენობა ეკონომიკური პრობლემების და რუბლის დევალვაციის გამო მცირდება, საქართველოში დასასვენებლად რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანთა რაოდენობა, პირიქით, მატულობს.

„ზაფხული საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის ყველაზე ცხელი სეზონია. თბილისის მოსახლეობის უმეტესობა სიცხისგან თავის დაღწევას და ქალაქიდან წასვლას ცდილობს, მაგრამ საქართველოს დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები ტურისტებით არის სავსე, რომელთა გამორჩევა ადგილობრივი მოსახლეობისგან ძალზე მარტივია უზარმაზარი ზურგჩანთებით და ფერადი შორტებით. სუვენირების და ღვინის მაღაზიებში ხშირად ისმის რუსული საუბარი – წელს საქართველოში ჩასული რუსების რაოდენობამ ყველა რეკორდი მოხსნა“, – წერს BBC.

ევგენი ჩერკასკი და მარია ტოკარევა საქართველოში ორი კვირით ნიჟნი ნოვგოროდიდან ჩამოვიდნენ. მარია საქართვლოში პირველად იმყოფება, ხოლო ევგენი – მეორედ.

„აქ ძალზე სასიამოვნო ხალხია, ისეთი გრძნობაა, თითქოს ნათესავებთან ჩახვედი. არავინ ცუდად არ გიყურებს, არავინ გეუბნება – „შენ არასწორად დგახარ“ და ასე შემდეგ. ჯერჯერობით მე საქართველოში მინუსები ვერ ვნახე, ყველაფერი ძალიან მომწონს“, – ამბობს მარია.

მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიონი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12 %-ით მეტია.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთი საქართველოში ჩასულ ადამიანებს შორის მეოთხე ადგილზეა თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ.

რუსეთის ტურისტული ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მაია ლომიძის თქმით, რუბლის კურსის დაცემის გამო რუსეთიდან საზღვარგარეთ დასასავენებლად წამსვლელთა რაოდენობა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შემცირდა.

„ყველაზე მეტად ევროპული ქვეყნები დაზარალდა. ამასთანავე შეინიშნება მეორე ტენდენცია და ის აშკარაა – ტურისტული ნაკადი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებზე გადაირთო და საქართველო ამ მხრივ აშკარად პრიორიტეტია“, – განუცხადა ლომიძემ BBC-ს.

ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ, სოციალურ ქსელებში თავის ვიზიტზე იმდენად აღფრთოვანებული წერენ, რომ ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. მაია ლომიძის თქმით, საქართველოში ჩასული რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა ტურისტულ კომპანიებს არ მიმართავს, თუმცა ოფიციალურ ტურებში წასვლის ფაქტებიც საკმაოდ მრავლადაა. მისი აზრით, ამას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ საქართველოში ჩასასვლელად რუსეთის მოქალაეებს ვიზები არ სჭირდებათ, ასევე ის, რომ საქართველოს მიმართულებით მომუშავე ავიაკომპანიათა რაოდენობა გაიზარდა.

„მთლიანობაში ბილეთებზე ფასი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, მაგრამ გაჩნდა გარკვეული მიმართულელები, სადაც ფასებმა 2013 წელთან შედარებით დაიკლო“, – ამბობს ლომიძე.

ამასთანავე, მას მიაჩნია, რომ ინტერესი ამაზე მაღალი იქნებოდა ავიაბილეთებზე უფრო დაბალი ფასის და ქართული სასტუმროების უფრო მოქნილი ფასების პოლიტიკის შემთხვევაში.

„ტურისტულ ოპერატორებს შეუძლით სასტუმროებს ერთბაშად ბევრი ვიზიტორი გაუგზავნონ, მაგრამ სასტუმროები ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ფასდაკლებებისთვის მზად არ არიან. ეს არის გარდამავალი პერიოდის დაავადება. ასეთივე მდგომარეობა 10-15 წლის განმავლობაში რუსეთშიც იყო, ვიდრე სასტუმროები არ მიხვდნენ, რომ ტურისტულ ჯგუფებზე ფასდაკლება მათთვის მომგებიანი ვარიანტია“, – ამბობს ლომიძე.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ასევე ამბობენ, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა მატულობს. ამას ხელი შეუწყო სპეციალურმა მარკეტინგულმა სარეკლამო კამპანიებმა და ორ ქვეყანას შორის ავიარეისების რაოდენობის გაზრდამ.

„რაც შეეხება რუს ტურისტებში პუპოლარულ მიმართულებებს, ეს არის თბილისი და საქართველოს რეგიონები, კახეთის ღვინის ტურიზმი, შავი ზღვის სანაპიროები და მთის კურორტები“, – განუცხადა BBC -ის საქართველო ტურიზმის ადმინისტარციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ტუროპერატორები აღნიშნავდნენ, რომ ქვეყნის პოპულარობა რუსეთის მოქალაქეებს შორის მნიშვნელოვნად შემცირდა რუსულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების გამო, სადაც ქვეყანა უარყოფით კონტექსტში იყო წარმოჩენილი.

იმის მიუხედავად, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის პრობლემები დღესაც რჩება, რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მედიაში საქართველოზე პრაქტიკულად საუბარი არ მიდის, ხოლო სოციალური ქსელები სავსეა ქვეყანაზე პოზიტიური შთაბეჭდილებებით.

ორ ქვეყანას შორის დღესაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობებია, და ზოგიერთი ტურისტი საქართველოში ჩასვლამდე შიშობს, მაგრამ ტურისტული კომპანია „My Georgia“-ს ხელმძღვანელის ეგორ პავლოვის განცხადებით, ეს შიში ძალზე მალე ქრება.

„რა თქმა უნდა, გასულმა წლებმა ეს შიში შექმნა და ის დღესაც რჩება, მაგრამ არის მეორე მომენტიც. შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ცუდი ურთიერთობები ამ შემთხვევაში დადებით როლსაც კი თამაშობდეს. მე ვგულისხმოს, რომ ტურისტის მოლოდინი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ის საქართველოში ჩასვლით იღებს. ტურისტი ხედავს, რომ როდესაც ადამიანები იგებენ, რომ რუსეთიდან ხარ ჩასული, ისინი იღიმიან, საკმაოდ კეთილგანწყობით გესაუბრებიან. ასე რომ, შიში პირველივე დღეებში ქრება“, – ამბობს პავლოვი.

რუსი ტურისტი ევგენი აცხადებს, რომ საქართველოში ჩასვლამდე მას შიში არ ჰქონია, ვინაიდან იცოდა, რომ აქ რუს ტურისტებს საკმაოდ კეთილგანწყობით ხვდებიან.

„უკრაინაში ჩვენთვის დღეს წასვლა მიზანშეწონილი არ არის. საქართველოზე კი ძალიან ბევრი გაგვიგია, რომ იქ ჩვენი ახლობლები იყვნენ ჩასულები, ისინი გვეუბნებოდნენ, რომ დამოკიდებულება შესანიშნავია. მე საქართველოში მაისში ვიმყოფებოდი, ჩვენ მწვერვალ ყაზბეგზე ავედით საქართველოს მხრიდან. ყველა აღფრთოვანებული იყო“, – განაცხადა მან.

იმის მიუხედავად, რომ მთლიანობაში საქართველოზე შთაბეჭდილებები დადებითია, ევგენი ამბობს, რომ ის საქართველოში საავტომობილო მოძრაობამ და მძღოლების საქციელმა გააოცა. ეს განსაკუთრებით იმას ეხება, რომ ავტომობილები ფეხით მოსიარულეებს გადასასვლელზე გზას არ უთმობენ. გარდა ამისა, სასტუმროების და პროდუქტების ფასი საქართველოში მისი წინა ვიზიტთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ჩვენ ამ ფასებმა ცოტა არ იყოს შოკში ჩაგვაგდო. მაგალითად, თურქეთში დასვენება ორჯერ იაფი დაგვიჯდებოდა“, – ამბობს მარია.

მოსკოვის მკვიდრი იანა არტემოვა კი ფიქრობს, რომ ფასები საქართველოში საკმაოდ მისაღებია. ის საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა სამსახურის საქმეებზე და მივლინების შემდეგ, როგორც წესი, რამდენიმე დღით კიდევ რჩება.

„მინდა საქართველოში სამსახურის საქმეებზე კი არა, დასასვენებლად ჩავიდე. ძალიან კარგი შთაბეჭდილებები მაქვს, ყოველთვის სურვილი მაქვს, რომ უკან დავბრუნდე. კარგი ატმოსფეროა, კარგი ხალხი. მე მარტო დავდივარ და სულაც არ მეშინია – ყველაფერი საკმაოდ მაღალ დონეზეა – სასტუმროები, რესტორნები. მე კი ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ნამდვილად არ ვჩერდები, საუბარია საშუალო კლასის სასტუმროებზე“, – ამბობს იანა.

მიმდინარე წლის მონაცემები ზოგიერთ ტურისტულ კომპანიას ოპტიმიზმის საბაბს აძლევს.

„აგვისტოში საკმაოდ მაღალი ზრდა იყო, ტურისტების რაოდენობის მატებამ დაახლოებით 20% შეადგინა გასულ წელთან შედარებით, წინ კიდევ საკმაოდ დატვირთული ორი თვეა და ვფიქრობ, გასულ წელთან შედარებით ეს საკმაოდ წარმატებული წელი იქნება“, –  ამბობს Visit Georgia-ს პროდუქტის მენეჯერი ხათუნა გობიტაშვილი.

მთლიანად მიმდინარე წლის 7თვის განმავლობაში საქართველოს 3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, ეს თითქმის   5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.

სტატისტიკის მიხედვით, რუსეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ასევე გაზრდილია ტურისტების რაოდენობა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და ისრაელიდან.

ამასთან, ზოგიერთი ქვეყნიდან, მაგალითან უკრაინიდან, რომელიც საქართველოს ტურისტული სფეროს მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო, ტურისტების ნაკადმა იკლო.  გიორგი ჩოგოვაზე უკრაინიდან ტურისტების კლებას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს.

როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე ამბობს, საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა ასევე სპორტული ღონისძიებების ჩატარებამაც განაპირობა – ესენია საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და უეფას სუპერთასის მატჩი.

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, სასტუმრო „The Terrace“-ის მფლობელს  მაია სიდამონიძეს მიაჩნია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი საერთაშორსიო ღონისძიებები ტურისტების მოსაზიდად სათანადოდ ვერ გამოიყენა.

ბოლო თვეების საერთაშორისო ღონისძიებებს საქართველო უფრო მომზადებული უნდა შეხვედროდა, უფრო აქტიურად მოეხდინა მათი რეკლამირება საერთაშორისო ბაზრებზე უცხოელი ტურისტების მოსაზიდად“, – ამბობს სიდამონიძე.

მისი აზრით, საქართველოში ტურიზმის განვითარება არასაკმარისმა მარკეტინგულმა აქტივობამ და სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ შეანელა. სიდამონიძის თქმით, სავიზო რეჟიმის გამკაცრებიდან რამდენიმე თვეში ის კვლავ გაამარტივეს, მაგრამ ეს რეჟიმი დღესაც ნაკლებად ლიბერალურია, ვიდრე 2014 წლის შემოდგომამდე და ეს ფაქტი საქართველოში ტურიზმის განვითარებას აფერხებს.

„უცხოელ ვიზიტორებთან დაკავშირებით მატება არის, მაგრამ ის შენელებულია“, – აღნიშნავს სიდამონიძე.

ნატა კვაჭანტირაძის აზრით, საქართველოს ტურუსტული სექტორის ერთ-ერთ პრობლემად მაღალი ფასები რჩება.

„თუ ჩვენ გვსურს ტურისტების რაოდენობის გაზრდა და მხოლოდ ბიზნეს-კატეგორიაზე არ გვინდა რომ ვიყოთ ორიენტირებულები, უნდა იყოს კონკურენტული ფასები. ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა როგორც სასტუმროების, ასევე ავიაბილეთების მაღალი ფასები“, – ამბობს ის.

ასევე, კვაჭანტირაძეს მიაჩნია, რომ მომსახურების ხარისხი ხშირ შემთხვევაში ძალზე დაბალია, განსაკუთრებით რეგიონებში. თუმცა ამასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა – მომსახურე პერსონალის სწავლება და ტურისტულ სფეროში მომუშავე კადრების მომზადება.

ზოგიერთი ტურისტული ოპერატორი ასევე ამბობს, რომ შედარებით იაფ სასტუმროებში ხშირად არასაკმარისი ადგილებია. ამის გამო სტუმრების განთავსება სხვადასხვა სასტუმროებში ხდება აუცილებელი.

„სასტუმროების უმტესობას ძალიან მცირე რაოდენობის ოთახები გააჩნიათ. ასე, მაგალითად 7-10- ნომერი, აქედან 3 ლუქსი, ანუ მხოლოდ 4-5 სტანდარტული ოთახი რჩება. ამის გამო ჩვენ იძულებულები ვართ ადამიანები სხვადასსხვა სასტუმროებში განვათავსოთ“, – ამბობს პავლოვა.

ასევე ტურისტებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა. პავლოვას მიაჩნია, რომ მთლიანობაში ტურისტული სექტორი ქვეყანაში დინამიურად ვითარდება.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, გზებს, ამასთან დაკავშირებით საქართველოში საქმე ცუდად არ არის. სერვისი, გარკვეულ მომენტებში, ბუნებრივია, უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ მის ხარვეზებს ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობა ავსებს“, – ამბობს ის.