ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც ხვალიდან უნდა ამოქმედდეს სავალუტო ჯიხურებზე დღესვე აისახა

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც ხვალიდან უნდა ამოქმედდეს სავალუტო ჯიხურებზე დღესვე აისახა

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელიც ხვალიდან უნდა ამოქმედდეს სავალუტო ჯიხურების ნაწილზე დღესვე აისახა. თუ დღის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.36_2.39 ლარის ფარგლებში იყო შესაძლებელი, 17:00 საათის შემდეგ, სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება 2.40-2.41 ლარია. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.36_2.38 ლარის ფარგლებში იბარებენ.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში აცხადებენ, რომ მათ აქვთ საშუალება დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეცვალონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მონაცემები. ამასთან სავალუტო ჯიხურებში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ხვალ ლარის მსყიდველუნარიანობა დოლართან მიმართებაში კვლავ შემცირდეს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი კომერციულ ბანკებზეც აისახა. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული. მაგალითად, "საქართველოს ბანკში" დოლარის გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 2.4100 ლარია, ყიდვის – 2.3700. "თიბისი ბანკში" კი – 1 დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4100 ლარია. ამავე ბანკში დოლარის გაყიდვის კურსი 2.3700 ლარს შეადგენს. რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს", ამ დროისთვის 1 დოლარის შეძენა 2.4200 ლარი ღირს, გაყიდვა კი – 2,35 ლარი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3640 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3336 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0304 ლარი შეადგინა.