კასპის რაიონში, გრაკლიან გორაზე, არქეოლოგიური კვლევები არ შეწყვეტილა, - ამის შესახებ თსუ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციასთან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს უსახსრობის გამო 21 აგვისტოდან ძეგლის კვლევა და არქეოლოგიური გათხრები შეჩერდება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური კვლევები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ფინანსების არარსებობის გამო ექსპედიციის შეჩერების თაობაზე კომენტარი მას არ გაუკეთებია.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად აფინანსებს არქეოლოგიურ სამუშაოებს, ექსპედიციის სამივლინებო ხარჯებს და სტუდენტთა საველე პრაქტიკას. 2014-2015 წლებში გამოიყო 31 ათასი ლარი. გარდა ამისა, არქეოლოგიურ ექსპედიციას ფინანსები გამოუყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, სამეცნიერო კვლევების თანადაფინანსება ასევე ხდებოდა სამეცნიერო ფონდებიდან. ამჟამად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური დახმარებით იგეგმება ტერიტორიის კონსერვაცია და გრაკლიანის გორაზე ღია არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ცოტა ხნის წინ გრაკლიანზე ახალი არტეფაქტი აღმოაჩინა, რომელიც მეცნიერთა აზრით, შეცვლის არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპს. უნიკალური წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, - აცხადებენ თსუ-ში.
მათივე ცნობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გრაკლიან გორაზე გათხრები 2007 წელს დაიწყეს, სადაც თსუ-ს სტუდენტებისთვის სამეცნიერო-საველე პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა. შედეგად, ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების 300 000-წლიანი უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 10 ფენის კვლევისას აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო - ე.წ. სპატულა, რომელიც წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია.
"არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ძვ. წ. IV ათასწლეულის საბეჭდავები, რომლის ანალოგი სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია აღმოჩენილი; ძვ.წ. V-IV საუკუნეებით დათარიღებული ოქროს დისკო, რომლის ერთადერთი ანალოგი არსებობს ქ. სუზაში (ირანი). მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღმოჩენილი რამდენიმე საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი - 3 კონსტრუქციის ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ. მსოფლიოში არ მოიპოვება გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის ბაქნის ანალოგი, რომელიც დიდი დედის კულტთან არის დაკავშირებული. დიდი დედა, იგივე ღმერთების დედა საკურთხეველთანაა გამოსახული", - აცხადებენ თსუ-ში.