ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით პოზიტიური დინამიკა სახეზეა, მაგრამ ჩვენ ორმხრივად უნდა შევთანხმდეთ იმ ენაზე, რომელიც გამოყენებული იქნება დეკლარაციისთვის , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, რა სახელი დაერქმევა, რა ფორმას შეიძენს და რა სათაური ექნება ამ პროცესს, მოლაპარაკების საკითხია.
"ვაშინგტონში ბევრი ადამიანი ფიქრობს, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა ვარშავის სამიტი იყოს წარმატებული, როგორც ნატო-ს წევრების, ისე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობისთვის. პოზიტიური დინამიკა სახეზეა, მაგრამ ჩვენ ორმხრივად უნდა შევთანხმდეთ იმ ენაზე, რომელიც გამოყენებულ იქნება დეკლარაციისთვის. კიდევ ერთხელ, რა სახელი დაერქმევა, რა ფორმას შეიძენს და რა სათაური ექნება ამ პროცესს, იქნება შეჯერებული დიალოგის და მოლაპარაკების საკითხი", - განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში სხვა საკითხებსაც გამოეხმაურა. მინისტრმა ისაუბრა საქართველოში ნატო-ს ცენტრის გახსნის შესახებ და განაცხადა, რომ ცენტრი სასწავლო დანიშნულების იქნება, რომელიც მომავალში რეგიონულ ფუნქციას შეიძენს და ლოჯისტიკის, ისევე როგორც კვალიფიკაციის მხრივ, გაუთანაბრდება ნატო-ს სასწავლო ცენტრებს, მაგალითად გერმანიაში, სადაც ქართველი მებრძოლები ავღანეთში დისლოცირებამდე ემზადებიან.
ხიდაშელმა ხაზი გაუსვა რომ აშშ-ში ვიზიტის განმავლობაში ფუნდამენტურად არ განუხილავს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" საფრთხე, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებები აშშ-სა და საქართველოს შორის უკვე გაცვლილია და დღეს ოფიციალური თბილისი კოალიციური პარტნიორობის რეჟიმში მოქმედებს ამ საფრთხის წინააღმდეგ. თუმცა, მინისტრის თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები უფრო საერთაშორისო და ნაკლებად ორმხრივ ფორმატში ხორციელდება.
რაც შეეხება საქართველოსთვის 20 მილიონიანი დახმარების პაკეტის გადაცემას, მინისტრმა თქვა, რომ ეს არის პრეზიდენტ ობამას მიერ გამოცემული "ევროპელი პარტნიორების დარწმუნების ინიციატივის" ნაწილი (დამტკიცდა 2014 წელს-ამერიკის ხმა), რომლის პრიორიტეტები, საქართველოს დახმარებასთან მიმართებაში, დამტკიცებულია, თუმცა რა მიმართულებებზე დაიხარჯება ფული-ჯერ უცნობია.
"კითხვაზე, უნდა იბრძოდნენ თუ არა ქართველები უკრაინაში, მინისტრმა უპასუხა, რომ ყველა იბრძვის იქ ან იცავს იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლისთვისაც ცხოვრობს და მისი გადასაწყვეტი არ არის, ვინ სად უნდა იმსაუხროს ან იბრძოლოს, ეს ზრდასრულმა ადამიანებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუმცა მას აქვს მარტივი პასუხი და აცხადებს, რომ ყველა ქართველი სამხედრო, რომელიც უკრაინაში დაიღუპება, დაიკრძალება სამხედრო პატივით საქართველოში, თუ ამაზე თანხმობას გამოაცხადებს გარდაცვლილის ოჯახი",- იუწყება "ამერიკის ხმა".
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.