„მეტრო სითი” – 100 მილიონი დოლარის ღირებულების მშენებარე სასტუმრო კომპლექსი ბათუმში, სადაც 2000-მდე ადამიანი დასაქმდება, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.
პროექტი, რომელსაც კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯია“ ახორციელებს, მომავალ წელს დასრულდება. ინვესტორმა გალიპ ოზთურქმა სასტუმრო კომპლექსის გახსნაზე პრემიერი 2016 წლის 1-ელ ივნისს მიიწვია.
გალიპ ოზთურქი უახლოესი სამი წლის განმავლობაში საქართველოში ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირებას და 3 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.
ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავსი წარმატებული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და აჭარის რეგიონს უცხოელი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
"ბატონმა გალიპმა საქართველოში დაიწყო ძალიან დიდი პროექტის განხორციელება, რომელიც 100 მილიონი დოლარი ჯდება. მან უკვე დაასაქმა 800ადამიანი. ეს მშენებლობა დაიწყო თებერვალში, შავი სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და კომპლექსი მომავალ წელს გაიხსნება”, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ინვესტორს ასევე მადლობა გადაუხადა "სოლიდარობის ფონდში" გადარიცხული ნახევარი მილიონი ლარისთვის.
12 სართულიანი სასტუმრო „მეტრო სითი“ მინიმუმ 203 ნომრიანი იქნება. კომპლექსის ტერიტორიაზე 3 შენობაში სულ 594 აპარტამენტი განთავსდება. ამეტაპზე უკვე აშენებულია სასტუმროს 6 სართული და აპარტამენტების 9 სართული. კომპანია აღნიშნული პროექტით რეგიონში 100 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. სასტუმრო „მეტრო სითიში“ 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სავაჭრო ცენტრი,VIP რეზიდენცია და სხვა ობიექტები განთავსდება. სასტუმროს მშენებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება.