რელიგიის სააგენტოს შექმნა არის ჩვენი მთავრობის ინიციატივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ სააგენტოს შექმნა ბიძინა ივანიშვილის დროს დაიწყო და ამ მთავრობის პირობებში დასრულდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წლების განმავლობაში რელიგიურ უმცირესობებს ყურადღება არ ექცეოდათ, ახალი ხელისუფლების პირობებში კი, 4 რელიგიურ კონფესიას ფინანსური დახმარება გაეწია.
პრემიერის განცხადებით, განმარტებით, ბათუმში აშენდება სამუფთოს რეზიდენცია და მედრესე, რომელიც ქართველი მუსლიმების ცენტრი იქნება.
"ეს დავიწყეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დროს და ჩემს დროს დავასრულეთ. ამ სააგენტოს შექმნით ჩვენ უპრეცედენტო რამ გავაკეთეთ, რადგან წლების განმავლობაში არავითარი ყურადღება არ ექცეოდა ჩვენ მუსულმანებს, კათოლიკეებს, სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს, ასევე ებრაელებს. ჩვენ ამ ოთხ რელიგიურ მიმართულებას დავუნიშნეთ დაფინანსება და რელიგიის სააგენტომ სამუფთოსთან ერთად გადაწყვიტა სამუფთოსთვის რეზიდენციისა და მედრესეს გაკეთება, რომელიც ძალიან კარგი მუსულმანური ცენტრი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში სასტუმრო "კოლიზეუმი" გახსნა და მშენებარე ობიექტი დაათვალიერა.