"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა არქეოლოგი ხალედ ასაადი მოკლეს

სირიის ქალაქ პალმირაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა არქეოლოგი ხალედ ასაადი მოკლეს. "ბიბისის" ცნობით, არქეოლოგი ქალაქის უძველეს ნანგრევებს დარაჯობდა, როდესაც ის წლის დასაწყისში გაიტაცეს. 

82 წლის ხალედ ასაადის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მისი ცხედარი ცოტა ხნის წინ ექსტრემისტებმა პალმირას მთავარ მოედანზე დაკიდეს. 

მოხუცი არქეოლოგი ქალაქ პალმირაში 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. იგი უძველესი ნანგრევების შენარჩუნებას ცდილობდა. 

"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიის ისტორიული ქალაქი პალმირა რამდენიმე თვის წინ დაიკავა და იქ არსებული უძველესი ძეგლები გაანადგურა. პალმირა უძველესი არამეული ქალაქია, რომელიც სირიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი ცნობილია 2 000 წლის წინ აგებული ნაგებობებითა და ტაძრებით. მას ასევე სტრატეგიული ადგილი უკავია და დედაქალაქ დამასკოსა და ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციებს ერთმანეთთან აკავშირებს.