გაერო-ში გამგზავრებასთან დაკავშირებული სპეკულაციები ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია

გაერო-ში გამგზავრებასთან დაკავშირებული სპეკულაციები ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია

გაერო-ში გამგზავრებასთან დაკავშირებით წამოსული სპეკულაციები  აბსოლუტურად გაუგებარია და შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს სურვილი, წავიდეს ნიუ-იორკში ან სხვა ქვეყანაში, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება.

"ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ყველას მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებებზე. გაერო-შიც და ნებისმიერ სხვა ადგილზე, სადაც მივდივარ, მივდივარ საქმის გასაკეთებლად და არა - დასათვალიერებლად. პრემიერობამდეც ხშირად ვყოფილვარ ნიუ-იორკში და ეს არ არის ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული მიზეზი, მაგრამ როცა სჭირდება სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ. თუ ვინმეს აქვს სურვილი, წავიდეს ნიუ-იორკში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და რაიმე სხვა სპეკულაციებზე არ მსურს კომენტარის გაკეთება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კი, მიმდინარე წლის ივლისში ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ნიუ იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე - "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება" მიიწვია, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და მიწვევას დათანხმდა.