ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში დღეს მეორე აფეთქება მოხდა. "როიტერის" ცნობით, დაშავებულები არ არიან. აფეთქება ნავსადგურთან ახლოს მოხდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა ხიდიდან გადააგდეს, ის მდინარეში ჩავარდა. "ასაფეთქებელი მოწყობილობა წყალში რომ არ ჩავარდნილიყო, მას მსხვერპლი აუცილებლად მოჰყვებოდა", - განაცხადეს ბანგკოკის პოლიციაში.
გუშინ ტაილანდის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ ტაძართან მომხდარ აფეთქებას 30-მდე ადამიანი შეეწირა. მათ შორის რვა უცხოელი. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრის, პრაიუტ ჩან-ოჩას განცხადებით, გუშინ მომხდარი აფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სერიოზული თავდასხმა იყო. მსგავსი შემთხვევები ტაილანდის დედაქალაქში იშვიათია.