"საქსტატის" მონაცემებით, 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 87 %-ით გაიზარდა

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 87%-ით გაიზარდა. 

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 1758 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 87%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19 % შეადგინა. 

დაზუსტებული მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 2873 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. უმსხვილესი სამი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2014 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით 52 % შეადგინა.

საქსტატის ცნობით, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 21 პროცენტით, მეორეზე - აზერბაიჯანი 19 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ჩინეთი 12 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2014 წელს 55 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 433.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს მშენებლობის სექტორი 316.6 მლნ. აშშ დოლარით (18 პროცენტი), ხოლო მესამეს დამამუშავებელი მრეწველობა - 205.4 მლნ. აშშ დოლარით (12 პროცენტი).