ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელებისთვის რიგითი სპეცრაზმელების მიმართ შემამსუბუქებელი ღონისძიება მოულოდნელი არ ყოფილა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელებისთვის რიგითი სპეცრაზმელების მიმართ შემამსუბუქებელი ღონისძიება მოულოდნელი არ ყოფილა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირებისთვის რიგითი სპეცრაზმელების მიმართ შესაძლო შემამსუბუქებელი ღონისძიება მოულოდნელი არ ყოფილა. 

როგორც სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების ადვოკატმა დავით ხაჟალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსალოდნელი იყო, რომ რიგით სპეცრაზმელებს შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოთ, ან განრიდება გაუკეთდეთ, ან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს მათთან.

"ჩვენი მოლოდინი გააჩინა იმან, რომ მათი საქმე გამოიყო და ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. გარდა ამისა, ისინი ჩვენს წინააღმდეგ მოწმეებივით გამოვიდნენ ჩვენს სხდომაზე, თუმცა მათ ჩვენებებს ახალი არაფერი უთქვამთ. ვინმეს ბრალეულობა საკონტროლო გასროლებთან, ან შეკვეთილ მკვლელობასთან დაკავშირებით მათი ჩვენებებით არ გამოვლენილა. მათ ჩვენებებში ისაუბრეს მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც იმ ბრალს, რაც წარდგენილი აქვთ სრულიად სხვა კონტექსტში გადაიყვანს და არა განზრახ მკვლელობის, ან საკონტროლო გასროლების მიმართულებით", - განაცხადა დავით ხაჟალიამ. 
ე.წ.კორტების საქმეზე ბრალდებული რიგითი სპეცრაზმელები და ადვოკატები დღეს მათი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. ადვოკატების შუამდგომლობას საქალაქო სასამართლო 15:00 საათზე განიხილავს. კერძოდ, ბრალდებულების დამცველები ითხოვენ რიგით სპეცრაზმელებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა თავდებობით შეეცვალოს. ჯერ უცნობია ვინ უდგებიან სპეცრაზმელებს თავდებში.