თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" "იფქლის" ხელმძღვანელმა შაქრო ბაკურაძემ განუცხადა, რომელიც ეჭვობს, რომ ფქვილის იმპორტს ხორბლის შემომტანი კომპანიები ზღუდავენ.
როგორც შაქრო ბაკურაძემ აღნიშნა, მიმდინარე წლის 10 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37,5 ლარს არ აჭარბებდა, თუმცა ზუსტად ერთ ღამეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა - 11 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარი გახდა და მას შემდეგ ყოველი ორშაბათი ფქვილის ფასის გაზრდის დღედ იქცა.
მისი თქმით, ვინც ბიზნესში ოდნავ მაინც ერკვევა, ადვილად მიხვდება, რომ მსგავსი ცვლილება ხელოვნური ჩარევების გარეშე არ ხდება.
როგორც "იფქლის" ხელმძღვანელმა აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ხორბალი, პრაქტიკულად, ერთ კომპანიას შემოაქვს, რომლის მფლობელიც კოკი ოსიპოვი გახლავთ.
"ბუნებრივია, ღიად არავინ გვეუბნება ფქვილის შემოტანა არ გაბედოთო, მაგრამ პირადად ჩემს მაგალითზე მოგიყვებით. მას შემდეგ, რაც საქართველოში ხორბლის ფასი არარეალურად გაიზარდა, გადავწყვიტე, ალტერნატიული გზებით ფქვილი თავად შემომეტანა. 14 ივლისს ფქვილით დატვირთული ერთი მანქანა განვაბაჟე, მაგრამ რამდენიმე წუთში მითხრეს, ტვირთი "გააწითლა" და ტერმინალზე უნდა შეიყვანოთო. სხვადასხვა გაუგებარი პროცედურის გავლის შემდეგ მანქანის ტერმინალიდან გამოყვანის უფლება მხოლოდ 31 ივლისს მომცეს, ანუ თუ ალტერნატიული გზით ფქვილი 39 ლარად უნდა შემომეტანა, ტერმინალზე ტვირთის ხელოვნურად გაჩერების შემდეგ 48 ლარი დამიჯდა", - განაცხადა ბაკურაძემ.
იგი ვარაუდობს, რომ კოკი ოსიპოვი საქართველოში ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი შემომტანია და ალბათ, ალტერნატიული გზებით ქვეყანაში ფქვილის შემოტანა და კონკურენტების გაჩენა მის ინტერესებში არ შედიოდა.
"ბუნებრივია, ეს საკითხი მხოლოდ ოსიპოვის დონეზე არ წყდება. ამ ერთი მანქანის შემოყვანა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, მაინტერესებდა, დამბლოკავდნენ თუ არა. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ფქვილის სხვა შემომტანებიც - მათი ფქვილით დატვირთული ტრაილერები ტერმინალზე თვეობითაა გაჩერებული და ტვირთის დაცლის საშუალებას არ აძლევენ. ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი დგას ამ ყველაფრის უკან, შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ. ფაქტია, ოსიპოვს მმართველ ძალასთან მეტი კავშირი აქვს, ვიდრე ჩვენ - პურის მწარმოებლებს", - განაცხადა ბაკურაძემ.
"იფქლის" ხელმძღვანელის განცხადებით, ერთი ტომარა ფქვილი 44 ლარი ნამდვილად არ უნდა ღირდეს. ყველა გარემოების გათვალისწინებით, მისი ფასი 40 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
"ზედმეტი ოთხი ლარი ვის ჯიბეში ილექება, ვერ გეტყვით, ამაზე კომპეტენტურმა უწყებებმა იფიქრონ", - აღნიშნა ბაკურაძემ.
მისივე თქმით, თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება.
გაზეთი "კვირის პალიტრა" "აგროკომის" ხელმძღვანელ კოკი ოსიპოვს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ 30 ივნისს, მას შემდეგ რაც ახალი სეზონი დაიწყო, ფოთის პორტში 25 გემი შემოვიდა. შემოსული ტვირთი კი, დაახლოებით, 8-10 კომპანიისა.
"როგორ შეიძლება ხორბალი მხოლოდ ჩემს კომპანიას შემოჰქონდეს, ეს პირდაპირი კანონდარღვევა იქნება, რასაც ანტიმონოპოლიური სამსახურიც არ დაუშვებს. უბრალოდ, ორი თვის წინ ფქვილის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდა და ვაი-ვიშიც ამან გამოიწვია", - განაცხადა ოსიპოვმა.