დავით კერესელიძე - პრეზიდენტისა და პრემიერის ვიზიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას საგარეო უწყება ზედმიწევნით კარგად შეასრულებს

დავით კერესელიძე - პრეზიდენტისა და პრემიერის ვიზიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას საგარეო უწყება ზედმიწევნით კარგად შეასრულებს

გაერო-ში საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით უმაღლეს დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ზედმიწევნით კარგად შეასრულებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განუცხადა. 

"ნებისმიერი გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც უმაღლეს დონეზე მიიღება, ჩვენ ვართ ჩართულები შინაარსობრივ მომზადებაში და ჩავერთვებით ყველა ეტაპზე, რა ეტაპზეც იქნება საჭირო და ამას შევასრულებთ ზედმიწევნით კარგად. ჩვენ გვაქვს ერთი ინფორმაცია, რომ გენერალურ დებატებში პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და ასევე, არის პირადი მოწვევა ლიტვის პრეზიდენტისა საქართველოს პრეზიდენტისადმი ღონისძიებაზე, რომელიც არის ევროპის განვითარება და ქალთა როლის გაძლიერება, რომელშიც როგორც ვიცით პრეზიდენტმა დაადასტურა მონაწილეობის მიღება. იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც იქნება მიღებული ჩვენ ყველა სიტუაცში ვიქნებით აქტიურად ჩართული", - განაცხადა კერესელიძემ. 

სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კი, მიმდინარე წლის ივლისში ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ნიუ იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე - "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება" მიიწვია, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და მიწვევას დათანხმდა.