თენგიზ ფხალაძე - ნებისმიერი მცდელობა, რომ შეცდომა მოინათლოს სწორ ნაბიჯად არის მიუღებელი და ქვეყნის ინეტერსებისთვის საზიანო

თენგიზ ფხალაძე - ნებისმიერი მცდელობა, რომ შეცდომა მოინათლოს სწორ ნაბიჯად არის მიუღებელი და ქვეყნის ინეტერსებისთვის საზიანო

შეცდომა, რომელიც იქნა დაშვებული, უნდა იქნას აღიარებული როგორც შეცდომა, იმიტომ რომ მაშინ ამ შეცდომამ ზიანი მიაყენა პირველ რიგში საქართველოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. 

მისი თქმით, შარშანდელი ისტორია გაერო-ს გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებით იყო სამარცხვინო. 

"სამწუხაროდ, ეს არ იყო ერთადერთი პრეცედენტი და ერთადერთი მცდელობა პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ განხორციელებული ნაბიჯებისა. დღიდან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია, რათა მომხდარიყო ამ ინსტიტუტის დისკრედიტაცია და ამ ინსტიტუტის დაკნინება. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს საგარეო სფეროზე, ეს გამოიხატებოდა არშემდგარ ვიზიტებში, ანუ ვიზიტებში, რომელიც ვერ განხორციელდა. ეს გამოიხატებოდა მოწვევაში ადრესატის შეცვლაშიც, ეს გამოხატებოდა კორესპოდენციის არ მიტანაში, თუ არ გამოგზავნაშიც და ბევრ სხვა რამეშიც, მაგრამ თავის დროზე ჩვენ ბევრ ამ დეტალზე ყურადღება არ გაგვიმახვილებია. ერთადერთი გამონაკლისი იყო გაერო და არ გვისაუბრია ამ ცალკეულ დეტალებზე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი ეს იყოს ასე ფართოდ გამოტანილი. მაგრამ დღეს, როდესაც 1 წლის მერე გვესმის დამრიგებლური ტონი ზუსტად იმ ადამიანისგან და იმ სახელმწიფო მოხელისგან, რომელიც უშუალოდ იყო ყოველივე ამის შემსრულებელი, თუ შემოქმედი, ეს არის ყოვლად მიუღებელი. მიუღებელია იმიტომ, რომ შეცდომა, რომელიც იქნა დაშვებული, უნდა იქნას აღიარებული როგორც შეცდომა იმიტომ, რომ მაშინ ამ შეცდომამ ზიანი მოგვაყენა ყველას და პირველ რიგში საქართველოს და მომავალში ის აღარ უნდა განმეორდეს, მაგრამ შეცდომას თუ არ ვაღიარებთ და ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს შეცდომა მოინათლოს სწორ ნაბიჯად ეს არის სრულიად მიუღებელი და ქვეყნის ინეტერსებისთვის საზიანო", - განაცხადა ფხალაძემ. 
მისი თქმით, ეს იყო შეცდომა და ეს აღარ უნდა განმეორდეს. 

"იმ ადამიანებისაგან ვინც ეს შეცდომა დაუშვა ვერ მივიღებ საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ ის მანკიერი პრეცედენტი იქნას გამართლებული და იქნას დანერგილი პრაქტიკაში", - განაცხადა ფხალაძემ. 
საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ იგი ვერ მიიღებს ბრალდებებს პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლასთან დაკავშირებით. 

"მე შარშანაც, შარშანწინაც და წელსაც ვარ იმ აზრის, რომ ასეთ ღონისძიებაზე როგორიც არის გაერო-ს გენერალური ასამბლეა, რომელზედაც მოწვევას იღებს, არა კონკრეტული თანამდებობის პირი, არამედ სახელმწიფო, წავიდეს ერთი დელეგაცია. ის, რაც შარშან მოხდა და ის დისკუსია იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა წასულიყო ნამდვილად იყო ძალიან ცუდი და მე შარშანაც ძალიან განვიცდიდი იმას, რომ ეს დისკუსია ასე საჯაროდ წარიმართა და ვერ მოხერხდა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ამ საკითხის შეთანხმება. ეს იყო საკითხი, რომელსაც სხვა ვერავინ ვერ შეათანხმებდა, ეს უნდა მომხდარიყო მათ შორის და საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ყოფილიყო შემდეგ იმ გადაწყვეტილების განმხორციელებელი, რომელსაც მიიღებდნენ უმაღლეს დონეზე. აქვე მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტის ყველა ვიზიტი იყო მომზადებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ყველა მათგანი ჩატარდა უმაღლეს დონეზე, შესაბამისად მე ვერ მივიღებ ასეთ ბრალდებას, რომ თითქოსდა მე ჩამეშალოს ვინმეს ვიზიტი სადმე", - განაცხადა ფანჯიკიძემ.